„ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს! - ასე გამოეხმაურა ეკა ბესელია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც მან ბესელია გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საზოგადოება სიმართლეს გაიგებს.
დეპუტატი პარიზში გაემგზავრა, სადაც 11 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
„რა სიმბოლურია, რომ ახლა ვიმყოფები ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სადაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ და საქართველოში ვერ ვთანხმდებით, რომ უნდა არსებობდეს გამართული სტანდარტები და კრიტერიუმები. რაც შეეხება ამ განცხადებას, რაც გავრცელდა პარტიის თავჯდომარის სახელით, ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს!!! მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლის სიმართლეშიც,“- აცხადებს ბესელია.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე ცოტა ხნის წინ წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა.