„ეკა ბესელია წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ,“- ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა.
მან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას გადაწყვეტილებები გააკრიტიკა და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, სწორედ ამის გამო, დღის წესრიგიდან მოიხსნა მისი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის საკითხი.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ეკა ბესელიას გადადგომის გადაწყვეტილება ზაფხულში იყო მიღებული.
„მსურს საზოგადოებას დავუდასტურო, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული.
"აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რომლებიც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დავასახელე - ეს იყო გუნდურობის დეფიციტი.
"ამ კონტექსტში, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, სრულიად სხვა საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. კიდევ უფრო გაუგებარია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიიღო - რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის ბიუროსთვის განცხადების არწარდგენით, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით, იგი წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ.
"გუნდის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ბესელიას არჩევის საკითხი.
"შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა ჯერ არც კი განახლებულა. ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები მოსამართლეების არჩევის პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებითაც კი. ამ საკითხების განხილვას დაეთმობა ერთი თვე, რომელიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიამდეა დარჩენილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ამაზე ხანგრძლივი დროც. გადაწყვეტილებები მიიღება ფართო მსჯელობის საფუძველზე, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული.
"აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი თავი ამ საკითხით დაინტერესებულ ერთადერთ მხარედ წარმოაჩინონ, დაელოდონ საკითხის განხილვას და თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებებისგან, რომლებიც აზიანებს როგორც გუნდის, ისე მოსამართლეთა არჩევის პროცესის ჯანსაღ გარემოში წარმართვის ინტერესებს.
"დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, რომელიც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია და რომელსაც პირადად მე განსაკუთრებულად ვუფრთხილდები,“- აღნიშნულია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.