02 მაისი 2024,   01:54
ვრცლად
უხარისხო პროდუქტები ბაღებში - "ნილი" 30 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს

თევზი, ყველი, ხაჭო და ტომატი - მენიუ საბავშვო ბაღებში უცვლელია, თუმცა მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნით, ეს პროდუქტები სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ბაღების მომმარაგებლ კომპანია „ნილს“ დარღვევები ლაბორატორიული შემოწმების დროს აღმოუჩინეს. დასკვნის თანახმად, პროდუქტები იმაზე უფრო ნაკლებკალორიულია, ვიდრე ეს კონტრაქტში წერია. 

მერის შიდა აუდიტის 27 დეკემბრის დასკვნის მიხედვით, 4 საკვები პროდუქტის, რომლითაც კომპანია ”ნილი” ბავშვთა კვებას უზრუნველყოფს, ცხიმიანობის შემცველობა დადგენილ ნორმებს არ შეესაბამება. დოკუმენტის საფუძველზე, კომპანიასთან კონტრაქტის შეწყვეტის მოთხოვნით ფრაქცია ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ქალაქის მერიას მიმართა.  

დედაქალაქის მერიაში კომპანიასთან დადებული 37 მილიონიანი ხელშეკრულების შეწყვეტას არ აპირებენ. მერის მოადგილე ამბობს, რომ დაბალ კალორიული საკვების შეტანით კომპანიამ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია, ამის გამო 30 ათასი ლარით დაჯარიმდება, სხვა სანქციები კი გათვალისწინებული არ არის.

კომპანია ”ნილში” ჯარიმის გადახდას არ აპირებენ. დირექტორის, კახაბერ გიორგაძის განცხადებით, არსებობს ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საკვები პროდუქტების კალორიულობა დარღვეული არ არის.

”ნილმა” 61 ათასი ბავშვის გამოკვებაზე ტენდერი 2018 წელს მოიგო და კომპანია ”ელფი” ჩაანაცვლა. 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები