02 მაისი 2024,   01:55
ვრცლად
უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლომ უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მოსამართლეს დაცვის მხარემ მიმართა. მოსამართლემ ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების მიზეზად მათი მხრიდან ქვეყნის დატოვების და მიმალვის ალბათობა დაასახელა.  

თავად ბრალდებულებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ ქვეყნის დატოვებას და გეგმავენ, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლონ. 

„50 წლის ვარ და არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ ჩემს სიტყვას არ ენდონ. ვერ მოვახდენთ გავლენას ვერც მოწმეზე და ვერც გამოძიებაზე. ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ და მივიღებთ საგამოძიებო ღონისძიებებში მონაწილეობას,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ალექსანდრე ნოვიკოვმა.

ადვოკატის განცხადებით კი, მხოლოდ ის მოტივი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები საქართველოს მოქალაქეები არ არიან, არ წარმოადგენს გამოძიებისთვის ხელისშემშლელ გარემოებას.

„არანაირი საშიშროება არ არსებობს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები მიიმალონ. არანაირი დასაბუთება საქმეზე არ არსებობს. საუბარია, რომ ბრალდებულები არ არიან საქართველოს მოქალაქეები, რაც არ წარმოადგენს გამოძიებისა და მართლმსაჯულებისთვის ხელისშემშლელ გარემოებას,“ - განაცხად ადვოკატმა, ვიტალი მირზოიანმა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებმა ასევე ისაუბრეს საკნებში არსებულ არაჰუმანურ პირობებზე. 

„საქმე იმაშია, რომ საკნებში საკმაოდ მძიმეა ვითარება. ეს დარღვევად ითვლება ჩემს ქვეყანაშიც და ევროპის სახელმწიფოებში. აკრძალული გვაქვს ოჯახის წევრებთან კონტაქტი. ორი თვეა, დაკავებულები ვართ და არანაირი საგამოძიებო ღონისძიება არ ჩატარებულა. გამომძიებელიც კი არ შემოსულა,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რონალდ მელიამ.

ბრალდებულებს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება. უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები 2 დეკემბერს ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს.

 

დღის ამბები