02 მაისი 2024,   07:57
ვრცლად
გვრჩება შეგრძნება, რომ გადაწყვეტილება არის მიღებული გიორგი ქადაგიძის მოსაშორებლად - ილიაუნის სტუდენტების საპროტესტო აქცია 

ილიაუნის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ბიზნეს სკოლის გაუქმებას აპროტესტებენ. შეხვედრა სტუდენტებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიური საბჭოს წევრებს შორის ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრა საკმაოდ ხმაურიანი იყო და ის კამათის და დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

სტუდენტები ამბობენ, რომ ბიზნეს სკოლის გაუქმების გადაწყვეტილება, უნივერსიტეტში ისე მიიღეს, რომ მათ ინფორმაცია ამის შესახებ არ ჰქონდათ. ახალგაზრდების პროტესტის მიზეზი სწორედ კომუნიკაციის არ არსებობა გახდა. 

სტუდენტების აზრით, აკადემიურმა საბჭომ გადაწყვეტილება გიორგი ქადაგიძის საწინააღმდეგოდ მიიღო. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ქადაგიძისთვის დეკანის თანამდებობის ჩამოშორება სურდათ.

აკადემიური საბჭოს წევრები და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შეეცადნენ სტუდენტებისთვის  გადაწყვეტილების მნიშვნელობის განმარტებას, თუმცა მათი არგუმენტები სტუდენტებისთვის მიუღებელი იყო.

„ბიზნეს სკოლა უნდა დაბრუნდეს დამოუკიდებელ ერთეულად. ჩვენ ვერ მივიღეთ ახალი ფაკულტეტი, სტრატეგია არ არსებობს, გუშინ პასუხი არ იყო...გვრჩება იმის შეგრძნება, რომ ეს გადაწყვეტილება არის ხელოვნურად მიღებული გიორგი ქადაგიძის მოსაშორებლად. სხვა შთაბეჭდილება არ გვრჩება,“ - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

მათივე განცხადებით, აქციას მანამდე გააგრძელებენ, სანამ ბიზნეს სკოლა არ აღდგება და გიორგი ქადაგიძე თანამდებობაზე არ დაბრუნდება. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები