02 მაისი 2024,   06:12
ვრცლად
მთავრობაში წმენდა დაიწყო - პარლამენტის კულუარებში „კურიერს“ გიორგი ქობულიას გადადგომის მიზეზები უამბეს

საქართველოს მთავრობაში წმენდა დაიწყო. ეკონომიკის მინისტრს თანამდებობის დატოვება აიძულეს. პრემიერის ბრძანება გამოქვეყნებამდე სამთავრობო ტელევიზიის ეთერში გაუშვეს.

პრემიერმა ეკონომიკის ყოფილი და მოქმედი მინისტრები მთავრობის ადმინისტრაციაში ერთმანეთს ჟურნალისტებისგან მალულად შეახვედრა. მინისტრებისთვის განკუთვნილ შესასვლელთან რუსთავი2-ის გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ გიორგი ქობულია სამთავრობო დაცვამ სათადარიგო გასასვლელით გაიყვანა.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ მედიასთან აღარ გამოჩენილა და არ აუხსნია, რატომ გაათავისუფლეს თანამდებობიდან 9-თვიანი მუშაობის შემდეგ მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი მინისტრი.

ქობულიას გადაყენების მიზეზი კარგად იციან საპარლამენტო კულუარებში. კლანური დაპირისპირება ერთადერთი მიზეზია, რომლითაც მმართველი გუნდის ყოფილი წევრები გიორგი ქობულიას პოსტიდან გადაყენებას ხსნიან.

დავით ჭიჭინაძე დარწმუნებულია, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მმართველ გუნდში არსებულ კლანურ ინტერესებს შეეწირა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მისივე დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და ოლიგარქთან ყველაზე დაახლოებული ბიზნესმენი - ვანო ჩხარტიშვილი, განაგებენ.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ვანო ჩხარტიშვილს ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულებაში ეკონომიკის ახალი მინისტრი, ნათია თურნავა, პრობლემებს არ შეუქმნის. მათი თქმით, თურნავა უწყებაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი კადრია. ის სამინისტროში ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მუშაობდა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მისი და ვანო ჩხარტიშვილის ურთიერთობა შევრდნაძის დროიდან იწყება. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ნათია თურნავამ მიაწოდა ინფორმაცია ვანო ჩხარტიშვილს გიორგი ქობულიას შესახებ, რომ ის უჩა მამაცაშვილის ერთ-ერთი დავალების შესრულებას აჭიანურებდა.

დღის ამბები