უხერხულია გამოცდილ ჟურნალისტებს, გამოხატვის თავისუფლებაზე ლექცია ჩაუტარო - „რუსთავი 2“-ის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის განცხადებას, მედიის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები და ჟურნალისტები აფასებენ. მიმდინარე მოვლენებს ისინი პოლიტიკური პროცესის ნაწილად აღიქვამენ და იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც ქვეყანას „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლით დაემუქრება.
“უხერხულია, როდესაც დიდი გამოცდილების ჟურნალისტებს, მედიას, ლექციას უტარებ, თუ რას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლება. ყველაფერი პოლიტიკური პროცესის ნაწილია, თუმცა „რუსთავი 2“-ს აქვს შანსი გააგრძელოს არსებობა,“-ამბობს ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორი, ლაშა ტუღუში.
მედიაპლურალიზმის აუცილებლობაზე საუბრობს ჟურნალისტი ეკა მიშველაძე. მისი თქმით, სწორედ პლურალისტული მედიაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გარანტი.
„ძნელია იმის გამორიცხვა, რომ ხელისუფლების ინტერესში არ არის და არ იყო ის, რომ "რუსთავი 2" არ არსებობდეს იმ სახით, რაც იყო. „რუსთავი 2“-ის ამ სახით არარსებობის შემთხვევაში, საფრთხე ემუქრება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას,“-ამბობს ეკა მიშველაძე.
კიდევ ერთი დარტყმა მედიაზე და ქვეყნის დემოკრატიაზე - ასე აფასებს ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ შექმნილ ვითარებას.
მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის დიდი წვლილია თუნდაც ის, რომ ამ ქვეყანაში ოკუპანტს თავის სახელი დაერქვა.
„ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს იმ უდიდესი მონაპოვარის საფრთხის ქვეშ დაყენების წინაშე, რაც ძალიან მძიმე შრომის ფასად მოიპოვა ჩვენმა სახელმწიფომ. ყველაფერს თავის სახელი დაერქვა, ის ვინც არის ოკუპანტი, რომ ოკუპანტი დაერქვა ამაში "რუსთავი 2"-ის დიდი წვლილია,“-ამბობს ელიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტების მოთხოვნას სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიებთან დაკავშირებით "ახირება და კაპრიზი" უწოდა და მოთხოვნის ავტორები დესტრუქციული ამოცანების მქონე პირებად მოიხსენია.