24 დეკემბერი 2024,   07:32
ვრცლად
ირაკლი კობახიძე - მოლდოვაში არ არის პოლიტიკური და მედიაპლურალიზმი, აკრძალეს პარტიები, ოპოზიციონერი დეპუტატი არ დატოვეს პარლამენტში, ასეთ დროს საქართველოს და მოლდოვის არჩევნებთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასებები ცალსახა უსამართლობაა

ცა და დედამიწაა არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ჩვენთან და მოლდოვაში, კონკურენტულობის, თავისუფალი არჩევნების, მანიპულაციებისგან თავისუფლების კუთხით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია POSTV-სთან  ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, საქართველოსა და მოლდოვას შედარებისას სახეზეა მ კაფიო უსამართლობა, ისევე, როგორც ეს იყო მაშინ, როდესაც მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და საქართველოს - არა.

„მოლდოვაში იყვნენ საკმაოდ გავლენიანი კანდიდატები, რომლებსაც ხელოვნური საბაბით უარი უთხრეს საარჩევნო რეგისტრაციაზე. იყო სერიოზული ხარვეზები კონკურენტულობის კუთხითაც, სხვა საკითხებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. ყველა ქვეყანამ თვითონ უნდა მიხედოს საკუთარ არჩევნებს, მაგრამ უსამართლობაა აშკარად. იგივე უსამართლობა იყო გამოხატული, როდესაც მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და საქართველოს -არა. მოგვიანებით მოლდოვასთან გაიხსნა მოლაპარაკებები, საქართველოსთან - არა. აქაც არის ორმაგი სტანდარტი და სრული უსამართლობა“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველო მნიშვნელოვნად წინ უსწრებს მოლდოვას მრავალი პარამეტრით, იქნება ეს ინსტიტუტების სიძლიერე, კორუფციის სიმცირე, ეკონომიკის განვითარება, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, პოლიტიკური პლურალიზმი, მედია პლურალიზმი.

„დახურეს პრაქტიკულად  ყველა მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ტელევიზია და არსებითად დატოვეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხი. ეუთო/ოდირს აქვს ნათქვამი თავის ანგარიშში, რომ ისინი მთლიანად ემსახურებოდნენ მმართველი ძალის პოლიტიკურ ხაზს. არ არის მედიაპლურალიზმი, პოლიტიკური პლურალიზმი, პირდაპირ აკრძალეს პოლიტიკური პარტიები,  მათ შორის, ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტია. პრაქტიკულად, რასაც ჰქვია ოპოზიციონერი დეპუტატი, არ დატოვეს პარლამენტში. ამ პირობებში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. ასეთ დროს, როცა გვესმის განსხვავებული შეფასებები საქართველოს და მოლდოვის არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არის ცალსახა უსამართლობა“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს იგივეა, როდესაც დსთ-ს წევრ მოლდოვას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველოს - არა, ისევე, როგორც არ ყოფილა მოწოდებები მოლდოვასთვის, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ, რაზეც საქართველოს ესაუბრებიან.

„დღემდე არ გვეშვებიან, გვესაუბრებიან რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე. ბოლოს ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც გარისკეს და ასეთი ჩანაწერი ჩადეს. მოლდოვას დღემდე არ დაუწესებია რუსეთისთვის სანქციები. თუ მაჩვენებთ არათუ ევროპარლამენტის რეზოლუციას, კუბილიუსების და მსგავსი ტიპის პოლიტიკოსების ერთ მოწოდებას მაინც მოლდოვასთან დაკავშირებით, რომ დააწესოს რუსეთისთვის სანქციები, მაშინ შეიძლება სხვანაირად ვისაუბროთ, მაგრამ როცა ვხედავთ, რომ არის ერთი და იგივე მოცემულობა, არც ჩვენ დავაწესეთ სანქციები, არც მოლდოვამ, იქ საერთოდ ხმას არავინ იღებს, საქართველოსთან დაკავშირებით მთელი კამპანია არის გაშლილი. თან მოლდოვა დსთ-ს წევრია, აძლევენ კანდიდატის სტატუსს, უხსნიან მოლაპარაკებებს. არის აშკარა უსამართლობა. რატომ ხდება ეს უსამართლობა, ამაზე ყველაზე კარგი პასუხი ჟურნალისტებს ალბათ გასცეს ბატონმა ორბანმა და ბატონმა სიიარტომ, უნგრეთის პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა - არის აშკარა მიკერძოება. ყველაზე სამწუხარო ის არის, თუ რა უდევს საფუძვლად ამ მიკერძოებას და ეს არის ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ეროვნული იდენტობის და ფასეულობების მიმართ. ვიღაცებს, სამწუხაროდ, ეს არ მოსწონთ, არიან გავლენიანი ძალები და საბოლოო ჯამში, ეს გავლენიანი ძალები იმგვარ ზეგავლენას ახდენენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც აჩენს უსამართლობის განცდას“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

დღის ამბები