„რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკის ხელშეუხებლობის გარანტიას 10-ზე მეტი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს. კოალიციამ მედია ადვოკატირებისთვის გუშინ წერილობით მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ „რუსთავი 2-ის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს, რადგან არსებობს სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვის საფრთხე, რომლის შესახებაც ტელევიზიის თანამშრომლები საუბრობენ.
სამოქალაქო სექტორი მზად არის, განახორციელოს სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, დაიცვას ჟურნალისტთა შრომითი უფლებები.
წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების განცხადებით, ქიბარ ხალვაშმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მაუწყებლის ფინანსური პრობლემების მოგვარებაზე ისე, რომ არ დაზარალდეს არხის სარედაქციო პოლიტიკა.
„საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ისთვის“ ამ პროცესში, აქ აღარ არის მესაკუთრეობის საკითხი, აქ არის საუბარი ჟურნალისტების დაცვის,“ - განაცხადა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.