დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშთან შეხვედრას და მისგან შემოთავაზებას ელიან. მანამდე კი ისინი აცხადებენ, რომ „რუსთავი 2“ უნდა დარჩეს კრიტიკული აზრის ფლაგმანად.
ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, საზოგადოებამ დაიმსახურა, რომ მანკიერი წრე გაირღვეს და განვითარდეს საინფორმაციო და პოლიტიკური პროცესი. აქიმიძე ამბობს, რომ „რუსთავი2“-ს ამ პროცესში აქვს მოვალეობა და საკუთარი როლი.
„არაფერ შუაში არ არის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. ბოლოს და ბოლოს ჩვენმა საზოგადოებამ დაიმსახურა, რომ ეს მანკიერი წრე გაარღვიოს და უნდა განვითარდეს საინფორმაციო პროცესიც, პოლიტიკური პროცესიც და ეს ქვეყანა უნდა დაემსგავსოს ქვეყანას და "რუსთავი 2"-ს ამ ყველაფერში აქვს მოვალეობაც და როლიც. ჩვენც შევეცდებით, რომ ქვეყნის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ,“-ამბობს აქიმიძე.
რაც შეეხება ქიბარ ხალვაშთან შეხვედრას და შეთავაზებას. დავით დვალი ამბობს, რომ წინასწარ პროგნოზის გაკეთება არ უნდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ხალვაშმა არხის გენერალური დირექტორი უკვე შეცვალა ფიქრობს, რომ მოლოდინი დიდი არ უნდა ჰქონდეთ.
„მე მგონია, რომ უახლოეს დღეებში გამოჩნდება. ვაცადოთ, შედარებით პესიმისტური მოლოდინი მაქვს, მაგრამ წინასწარ არ მინდა პროგნოზის გაკეთება. ორშაბათს შემეძლება გაცხადება ჩვენი პოზიციის ამ ყველაფერთან დაკავშირებით.
"მე არაფერ საკითხს არ ვაყენებ. მოვუსმენთ ქიბარს რას იტყვის, აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ ქიბარს აქვს 100% და მან თქვა, რომ შეთავაზების გაკეთებას აპირებს, ამან უნდა გაიჟღეროს და ჩვენგან იქნება პასუხი. უკვე უდის სუნი, რომ მთლად ის არ არის წინადადება, მაგრამ მოდი ვაცალოთ ორი დღე. მზად ვარ შეხვედრაც ღია იყოს, არ ვაპირებ კულუარულ მოლაპარაკებას.
„რუსთავი2“ უნდა დარჩეს კრიტიკული ტელევიზიის ფლაგმანად. ის უნდა იყოს ნამდვილი მეოთხე ხელისუფლება, იქნება ძალიან დიდი დარტყმა, არამხოლოდ მასმედიისთვის, მთელი ქვეყნისთვის თუ ეს მონაპოვარი დაიკარგა,“-ამბობს დვალი.