„რუსთავი 2-ის“ საქმე შესაძლოა, აღმოჩნდეს მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ირაკლი ოქრუაშვილი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. უმსხვილესი დამოუკიდებელი მედია საშუალების განეიტრალება, პოლიტიკური ლიდერების დაკავება და დევნა, ოპოზიციის შეფასებით, რეპრესიების მთავარი ნიშანია.
ოპოზიციამ ირაკლი ოქრუაშვილი დღეს პოლიტპატიმრად გამოაცხადა და თქვა, რომ ის ციხეში ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით ჩასვეს. პოლიტიკური ლიდერები დღეს ოქრუაშვილის მოძრაობის ოფისში შეიკრიბნენ და „ქართული ოცნება“ ღია რეპრესიების მოწყობაში დაადანაშაულეს.
ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ივანიშვილის ამ პოლიტიკურმა სვლამ ყველა დაარწმუნა, რომ ხელშეკრულება, რომელიც ქიბარ ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის 2010 წელს გაფორმდა, ნამდვილია და მას ხელს ქიბარ ხალვაში აწერს.
ოპოზიციის თქმით, პოლიტიკური რეპრესიების ახალი რაუნდი ბიძინა ივანიშვილმა ნიკა მელიას დაკავებით დაიწყო, „რუსთავი 2-ის“ ხელში ჩაგდებით გააგრძელა, მიიტანა შტურმი „თიბისი ბანკზე“ და 160 მილიონით აზარალა, დააკავა ირაკლი ოქრუაშვილი და ეს ყველაფერი ერთ თვეში მოასწრო.
ოპოზიციის მტკიცებით, ფაქტების ანალიზი შეშინებული ლიდერის წარუმატებელ პოლიტიკურ სვლებს აჩვენებს და ყოველი ასეთი სვლა ქვეყნის დემოკრატიას აზარალებს.
იმის დასადასტურებლად, რომ „ოცნება“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, დღეს „ევროპულმა საქართველომ“ საგანგებო ბრიფინგზე ვიდეო მტკიცებულებები წარადგინა. 7 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს აქციები, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ანდა მხარდაჭერილი ორგანიზაციების მიერ იყო მართული და სადაც დაუფარავად იკვეთებოდა ჯგუფური ძალადობა და არცერთ შემთხვევაში, ის დაკავებების სერიით არ დასრულებულა.