„საინფორმაციო სამსახურების უფროსებს მე არ ვცვლი,“ - ეს განცხადება „რუსთავი 2-ის“ მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა გააკეთა.
ხალვაშმა რამდენიმე წუთის წინ დაასრულა შეხვედრა „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლებთან და აღნიშნა, რომ წილებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
რაც შეეხება, საკადრო ცვლილებებს, ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ "რუსთავი 2-ში" საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეთავაზა თუ არა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დავით ნიკურაძეს, ხალვაშმა აღნიშნა, რომ „მე არ შემითავაზებია არავისთვის, დირექტორი სთავაზობს და მას ჰკითხეთ“.
ხალვაში ამბობს, რომ უცხოელ მედია მენეჯერს კვლავ ეძებს. გარდა ამისა, ქიბარ ხალვაშმა დვალსა და აქიმიძესთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ კომპანიის წილის 40 პროცენტი შეთავაზა, თუმცა, არ იცის, დათანხმდებიან თუ არა.
ხალვაშმა ჟურნალისტის კითხვაზე, 40 პროცენტის დვალი-აქიმიძისთვის გადაცემის შემთხვევაში, კვლავ პაატა სალია იქნება თუ არა სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი, "რუსთავი 2-ის" ახალი მფლობელი ამბობს, რომ სალია არ შეიცვლება.
"გენერალური დირექტორი 50 პროცენტი, რომ შევთავაზო, მაინც იქნება", - ამბობს ხალვაში.