06 ნოემბერი 2024,   02:56
ვრცლად
მიზანია, რომ შენარჩუნდეს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა - მესამე სექტორი „რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებს შეხვდა

„რუსთავი 2-ში“ შექმნილი ვითარების გაცნობას აგრძელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. დღეს ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური და ფონდ "ლიბერალური აკადემია თბილისის" დირექტორი, ლაშა ტუღუში შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელ მექანიზმებსს, კომპანიის ახალი მენეჯმენტისა და ჟურნალისტების ურთიერთობას.

„ვიყავით იმისთვის, რომ გავსაუბრებოდით ჟურნალისტებს და გაგვეგო, ხომ არ ყოფილა მათზე ზეწოლა და, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია ჩვენამდე მოდიოდეს, თუ ასეთ ფაქტს ადგილი აქვს. რაც შეეხება ქმედით ნაბიჯებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის მიმართ თვითონ ჟურნალისტები იყვნენ სოლიდარულები იმიტომ, რომ თუკი ცალ-ცალკე მათ დაყოფენ, ცხადია, რომ ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ. მიზანი არის ის, რომ შენარჩუნდეს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა ამ არხზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისა, რომ ჟურნალისტების უფლებები იყოს დაცული, არის პროფკავშირების შექმნა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

სამაუწყებლო კომპანიის ახალი მენეჯმენტის მხრიდან სიტყვიერი დაპირებების გარდა, რომ აუცილებელია, ფორმალური საბუთებიც, ამაზე გაამახვილა ყურადღება ლაშა ტუღუშმა.

„სიტყვიერ გარანტიასთან ერთად მნიშვნელოვანია არსებობდეს ფორმალური გარანტიებიც, ამისთვის არსებობს ფორმალური მექანიზმები, როგორიც არის ინსტიტუციური სახით პროფკავშირების შექმნა“, - განაცხადა ტუღუშმა.

დღის ამბები