"რუსთავი 2-ის" კონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა. უკვე 4 საათია, გამომძიებლებს გააქვთ ფინანსური დოკუმენტაცია. პროკურორები ამ წუთებშიც "ინტერმედიაში" მუშაობენ, გამოკითხვაზეა დაბარებული "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
ძიება ერთდროულად სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის არის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა, პროკურატურას სტრასბურგის განაჩენის გამოცხადებამდე მიმართა. სარჩელით ყავლაშვილი გვარამიას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას სისხლის სამართლის სამი მუხლით ითხოვდა. როგორც ყავლაშვილი განმარტავს, მათ ხელთ არსებული დოკუმენტებით, ჩნდება ეჭვი, რომ კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი "რუსთვი 2-ისთვის" საზიანო ქმედებებს ახორციელებდა. ყავლაშვილი დარწმუნებულია, რომ გამოძიება ნიკა გვარამიას დანაშაულებრივ ქმედებას დაადგენს.
"ჩვენ რაც საგამოძიებო ორგანოს შესწავლის საგნად მივიჩნიეთ, უმთავრესი გახლავთ ის, რომ საზიანო იყო გადაწყვეტილებები "ინტერმედიას" საშუამავლო საქმიანობისთვის, მათთვის შემოსავლების გაზრდის და "რუსთავი 2-ისთვის" შემოსავლების შემცირების საკითხში და ეს არ არის ერთი და ორი მილიონი, აქ არის ათეულობით მილიონობით ლარზე საუბარი, მათ შორის ასეთი დასკვნების გაკეთების საშუალება მოგვეცა მარეგულირებელი კომისიის ანალიზებიდან გამომდინარე. მათ შორის იმ საბუღალტრო მონაცემებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენი უფლებამოსილი აუდიტორის მიერ იქნა მოწოდებული.
მივიჩნიეთ, რომ სახეზე ცალსახად იყო ფაქტები და ცალსახად უთითებდა „რუსთავი2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორის საზიანო მოქმედებების ფაქტზე, მივიჩნიეთ და დღესაც გვწამს, რომ ეს იყო კომპანიის საზიანოდ მიმართული, ვის, რა გამორჩენა უნდა ენახა ამ სიტუაციაში, ამას გამოძიება შეისწავლის, ჩვენ რამდენიმე საკითხი დავაყენეთ მსჯელობის საგნად, მათ შორის იყო ერთ-ერთი შესყიდვების საკითხი. მიგვაჩნია, რომ ყოფილი გენერალური დირექტორის მოქმედება ამ მხრივაც შესასწავლია," - აცხადებს გიორგი ყავლაშვილი.