06 ნოემბერი 2024,   02:57
ვრცლად
რატომ თვლით, რომ აქიმიძისა და დვალისთვის 50%-ის გადაცემა სარედაქციო პოლიტიკის გარანტია იქნება? -  პაატა სალია

ქიბარ ხალვაშს არ აქვს ვალდებულება, თუნდაც 1% დაუთმოს ვინმეს, ეს არ არის ვალდებულება, ეს არის კეთილი ნება - ასე პასუხობს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელევიზიის დამფუძნებლები, დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის დღევანდელ განცხადებას.

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა უარი თქვეს ხალვაშის შეთავაზებულ წილების 40%-ზე და განაცხადეს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ამჯერად ხალვაშის ხელით წაართვა მათ "რუსთავი 2".

პაატა სალია კი აცხადებს, რომ აქიმიძისა და დვალისთვის 50%-იანი წილის გადაცემა ტელევიზიის დამოუკიდებლობის გარანტი ვერ გახდება.

„მე ვერ ვხვდები, რატომ თვლით თქვენ, რომ თუნდაც 50%-ის მათთვის გადაცემის შემთხვევაში, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტი იქნება. არ არის ეს ლოგიკური არგუმენტი, თუ ვინმეს ჩარევა უნდა სარედაქციო პოლიტიკაში, ამას მოახერხებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რომ საუბრები ძალიან ბევრია და ყოველ დღე ვსაუბრობთ და ჩემი პასუხი არის, რომ ყოველდღიურობა გვაჩვენებს იმას, რომ სარედაქციო პოლიტიკაში არც არავინ ჩარეულა და არხი აგრძელებს მუშაობს, ისე როგორც მუშაობდა. ჟურნალისტებს, თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში ხელს არავინ არ უშლის და ვერავინ ვერ მეტყვის, რომ ვინმემ რაიმე მითითება მათ მისცა. მე ისიც ვთქვი, რომ თუ ვინმესგან რამე მითითებას მიიღებენ ჩემი გვერდის ავლით, ამაზეც უნდა თქვან და ყველზე ძლიერი და მძლავრი იარაღი გაქვთ ხელში, კამერა და მიკროფონი, მე ვერ დაგასწრებთ თქვენ კამერასთან და მიკროფონთან მისვლას, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თქვათ, რომ რაღაც ხდება და ეს ერთ დღეში მოგეხსენებათ, არ ხდება. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ შორის, ეს გარანტიები იქნება საბოლოოდ ის ჩამოყალიბებული ნდობა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გაჩნდება. ამიტომ, 50%-ის კონტროლი, ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, არანაირი გარანტია არ არის სარედაქციო დამოუკიდებლობის.

„ძალიან დიდი ბოდიში, დათოს განცხადება იყო, რომ ის აპირებს, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას "რუსთავი 2-ის", ამ შემთხვევაში, სად არის ლოგიკა ამ შეკითხვასა და მის განცხადებას შორის. ჯარჯი და დათო ამბობენ, რომ მათ არ მოსწონთ "რუსთავი 2-ის" სარედაქციო პოლიტიკა, სხვანაირი უნდა იყოს არხი. ჩვენც იგივეს ვამბობთ, რომ კრიტიკული უნდა იყოს, მაქსიმალურად კრიტიკული უნდა იყოს და ყველა აზრი უნდა ისმოდეს ამ არხზე. საზოგადოებრივი განწყობების, საზოგადოების აზრის გამომხატველი უნდა იყოს ეს ტელევიზია“ - აცხადებს პაატა სალია.

"რუსთავი2-ის" კითხვაზე, აქვს თუ არა ან რა სახის ურთიერთობა აქვს ქიბარ ხალვაშს ბიძინა ივანიშვილთან, პაატა სალია ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები