06 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
სპეცოპერაცია ნიკა გვარამიას გასანეიტრალებლად - პროკურატურა „რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს გამოკითხვაზე იბარებს

მთავარმა საგამოძიებო უწყებამ „რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი გამოკითხვაზე, მოწმის სტატუსით დაიბარა. პროკურატურა გვარამიას საფინანსო დარღვევებს ედავება, საჩივრის ავტორი კი ტელეკომპანიის უკვე ყოფილი დამფუძნებელი, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 9 პროცენტიანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძეა. ის ამტკიცებს, რომ „რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში დირექტორი თანხებს ითვისებდა.

ნიკა გვარამიამ პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა. ის დარწმუნებულია, რომ ეს პოლიტიკური საქმეა.

„ქართული ოცნება“ და პირადად ივანიშვილი ცდილობს ჩემს პოლიტიკურ განეიტრალებას" - აცხადებს „რუსთავი 2-ის" ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც დევნის ერთ-ერთ მიზეზად მის მიერ ახალი ოპოზიციური სატელევიზიო არხის შექმნასაც ასახელებს.

საგამოძიებო მოქმედებები კი „ინტერმედიაში“ დღის 2 საათიდან დაიწყო. მთავარი პროკურატურის გამომძიებლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე კომპანიიდან მთელი დოკუმენტაცია ამოიღეს, მათ შორის ელექტრონული საბუთები და მიღება-ჩაბარების აქტები. კომპანია "ინტერმედია" წლებია, "რუსთავი 2-ის" კონტრაქტორია, სარეკლამო ბაზრის დიდ ნაწილს აკონტროლებს და სხვა ტელეარხებთან ერთად "რუსთავი 2-ის" სარეკლამო დროს ყიდის.

ნინო ნიჟარაძის მოთხოვნით დაწყებულ გამოძიებაში ნიკა გვარამია საეჭვო დეტალებსაც ხედავს. ამ შემთხვევაში მისთვის საინტერესო ქრონოლოგიაა. მისი თქმით, ნიჟარაძეს მის წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის გადწყვეტილების გამოცხადებამდე 2 დღით ადრე შეატანინეს, ეს გარემოება კი გვარამიასთვის იმის დასტურია, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი ხელისუფლებამ 18 ივლისამდე იცოდა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ ქვეყანაში დიქტატურა ფორმდება, რასაც, მისი თქმით, ბიძგი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ მისცა.

პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში პოლიტიკურ შემადგენელს ვერ ხედავ "რუსთავი 2-ის" ახალი გენერალური დირექტორი. პაატა სალიას მტკიცებით, დოკუმენტების ნაწილობრივ გაცნობის შემდეგ არსებობს გარკვეული საეჭვო გარემოებებიც, რის გამოც, ისინი კომპანიაში საერთაშორის აუდიტორული ფირმის შემოყვანას გეგმავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები