06 ნოემბერი 2024,   03:04
ვრცლად
ტელევიზიას კიდევ ერთხელ გვართმევენ - დვალი და აქიმიძე ღიად ამბობენ, რომ პროცესების მიღმა ივანიშვილი დგას

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე საბოლოო უარს ამბობენ. "რუსთავი 2-ის" დამაარსებლები არ თანხმდებიან წილების იმ პირობით დაბრუნებას, რომელსაც მათ ქიბარ ხალვაში სთავაზობს. სამართლიანობა არ აღდგა და ტელევიზიას კიდევ ერთხელ გვართმევენ - ამბობენ დვალი და აქიმიძე. მათ დღეს პირდაპირ თქვეს, რომ ხალვაში და ხელისუფლება ერთი და იგივეა და პროცესების მიღმა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილი დგას.

უარის საკუთარი არგუმენტები აქვთ არხის 100 პროცენტის მფლობელს და მის ადვოკატს. პაატა სალია განმარტავს, რომ სიტყვიერი დაპირება მხოლოდ განაცხადი იყო და რეალური შეთანხმება არ მომხდარა. ის ასევე საუბრობს ბოლო მოლაპარაკების დეტალებზე, რომლის მიხედვითაც, 40 პროცენტიან წილებთან ერთად, ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი2-ის" დამფუძნებლებს ფინანსური ვალდებულებების აღებაც შესთავაზა.

"რუსთავი2-ის" დამფუძნებლები წყვეტენ მოლაპარაკებას არხის მფლობელთან, მაგრამ არ წყვეტენ ბრძოლას საკუთარი უფლებების დასაბრუნებლად. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებას წლობით თაროზე შემოდებული საქმის გადმოღება და ტელეკომპანიის რეალური დამფუძნებლებისთვის დაბრუნება აუცილებლად მოუწევს.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი2-ზე" პრეტენზიას ეროსი კიწმარიშვილის ოჯახიც აცხადებს. საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ძმა ამბობს, რომ სარჩელი კიწმარიშვილის სახელით სასამართლოში ჯერ კიდევ 2009 წელს შევიდა, რადგან არხის 30 პროცენტიანი წილის მფლობელს ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხა არ მიუღია.

დღის ამბები