18 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტის წევრების გარდა კითხვებით სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები მიმართავენ. 

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ხალხის აზრი და პარლამენტში ისევ ძველი სია შემოაბრუნა, რომელშიც კომპრომეტირებული კანდიდატები არიან:

"ამ მოსამართლეებს გულში ალბათ ეცინებათ და ჰგონიათ,  რომ ჩვენ ყველა ხელისუფლებისთვის საჭირო ვართ, ყველაფრის მკადრებლები. არა ხართ საჭირო. მომავალი ხელისუფლება ამ სასამართლო რეფორმას ფუნდამენტურად განახორციელებს და არც ერთი ეს ადამიანი, რომელსაც დღეს დიდი ალბათობით დაამტკიცებს პარლამენტი, მომავალში სასამართლო სისტემაში ვერ დარჩებიან,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის ვანო ზარდიაშვილის თქმით, ის გადაწყვეტილებას კანდიდატების მოსმენის შემდეგ მიიღებს. როგორც დეპუტატი განმარტავს, ოპოზიციის ბრალდებები ჰაერიდან არის მოტანილი და  ხელისუფლების ოპონენტებს მართლმსაჯულების ხარვეზების გასასწორებლად თავად არ უზრუნიათ:

"გამოდიან და ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს იძახიან იმისათვის, რომ საზოგადოებაში რაღაცა ქულები დაიწერონ,“- აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.

უმრავლესობის ყოფილი წევრის, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის თქმით,  წარმოდგენილი კანდიდატები, ალანია და გაბინაშვილი, იყვნენ ადეიშვილის სისტემაში და მონაწილეობდნენ იმ სისასტიკეში, რასაც სააკაშვილის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს უკეთებდა:

"ივანიშვილი აბრუნებს სააკაშვილს საქართველოში, კონკრეტულად ამ ადამიანების სახით სასამართლოში. ისევე როგორც მან დააბრუნა სააკაშვილი და ადეიშვილი პროკურატურაში, სადაც მაგალითად, დატოვა თეთრაძის მწამებელი პროკურორი,“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ვარაუდობენ, დღეში ორი კანდიდატის მოსმენა მოესწრება. რაც შეეხება კონკრეტულ ვადას თუ როდის დასრულდება გასაუბრება, ეს განსაზღვრული არ არის.

დღის ამბები