18 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
"თავისუფლება ვაჟა ექიმს" - ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქციები საქართველოს მასშტაბით დღეს გაიმართა

"თავისუფლება ვაჟა ექიმს" - მედიკოსების ეს მოწოდება დღეს საქართველოს მასშტაბით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად გამართულ ყველა აქციაზე ისმოდა. "თეთრხალათიანების აქცია" თბილისში მოქმედ თითქმის ყველა კლინიკაში გაიმართა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებული ტრავმატოლოგის მხარდამჭერ აქციებს მისი ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ.

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ კოლეგას სოლიდარობა გამოუცხადეს თელავშიც. მედიკოსებმა დე ფაქტო ხელისუფლებას შეახსენეს, რომ პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად წასული ექიმის დაკავება ყოველგვარ სამართლებრივ ნორმებს სცდება.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად "თეთრხალათიანების აქცია" ფოთში, ოზურგეთსა და ბათუმშიც გაიმართა. სამედიცინო საზოგადოება ცხინვალის იზოლატორში ცნობილი ქართველი ტრავმატოლოგის დატყვევებას დაუშვებლად მიიჩნევს. ექიმები საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.

დღეს გორში, აქციაზე შეკრებილმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, ვაჟა გაფრინდაშვილს თანამედროვეობის გმირი ექიმი უწოდეს. ოკუპაციის ხაზთან ყველაზე ახლოს მყოფი რეგიონის ექიმების განცხადებით, საკუთარ სამშობლოში დაპატიმრებული ექიმის საქმემ, შესაძლოა, რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვიოს.

ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ე.წ. საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისთვის მაშინ დააკავეს, როდესაც ის პაციენტის დასახმარებლად ახალგორში შესვლას ცდილობდა.

გაფრინდაშვილთან ერთად ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე დააკავეს, თუმცა ისინი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მალევე დააბრუნეს. გაფრინდაშვილის პატიმრობის მიზეზი კი ე.წ. საზღვრების არაღიარება გახდა. ექიმს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი და უკვე მეცხრე დღეა, ცხინვალის იზოლატორში უკანონო სასჯელს იხდის.

დღის ამბები