მიუხედავად იმისა, რომ COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გუშინ, 21 მარტს გამოცხადდა, ბათუმის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში საკვირაო ლოცვას 150-მდე ადამიანი ესწრებოდა. მრევლი ტაძარში დისტანციის დაცვის გარეშე იდგა და ისე უსმენდა ლოცვას. ტაძარში კამერების გამოჩენა მღვდელმსახურებს არ ესიამოვნათ და სწორედ ჟურნალისტების დანახვის შემდეგ მოუწოდეს მრევლს ეზოში გასულიყვნენ.
შეგახსენებთ, გუშინ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ განაცხადა, რომ ითვალისწინებენ ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას და წირვის დროს მრევლი ეზოში დისტანციის დაცვით განლაგდებოდა და ხმის გამაძლიერებელი საშუალებით მოისმენდა ლოცვას.
ბაგრატის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვისას, ამ დროისთვის, ასამდე ადამიანი იმყოფება, მათ შორის არიან ბავშვები. მრევლს შორის დაცული არ არის დისტანცია. მოქალაქეების თქმით, ისინი უფლის იმედად არიან, ტაძარში თავს დაცულად გრძნობენ და სინოდის გადაწყვეტილების შესაბამისად მოიქცევიან.

ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა - ლოცვა ჩვეულებისამებრ მიმდინარეობს. წირვის დაწყებამდე მამა ზაქარიამ მრევლს მოუწოდა დისტანცია დაეცვათ და სახელმწიფოს მოთხოვნები შეესრულებინათ, თუმცა მრევლის სიმრავლის გამო ,საჭირო დისტანციის დაცვა ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ვერ მოხერხდა. გამოკითხული მრევლი კი ამბობს, რომ წირვაზე სიარულს არ შეწყვეტს, რადგან ტაძარი ის ადგილია, სადაც ინფექცია ვერ გავრცელდება.

ხალხმრავლობაა თბილისშიც, ქაშუეთის ტაძარში, სადაც მრევლი დისტანციის დაცვას ვერ ახერხებს.

შეგახსენებთ, რომ COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გუშინ, 21 მარტს გამოცხადდა. საგანგებო რეჟიმის მთავარი შეზღუდვები სწორედ სოციოალური დისტანციის დაცვასა და ადამიანების შეკრებას ეხება.