მალე, თბილისის მეტროს სრულიად ახალი იერსახე ექნება. 34 წლის შემდეგ პირველად, მეტროს ხაზებზე ძველ შემადგენლობებს განახლებული, თანამედროვე ვაგონები ჩაანაცვლებს. მეტროპოლიტენი 111 ახალი ვაგონით აღიჭურვება. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სრულიად თანამედროვე პირველი ოთხი ვაგონისგან შემდგარი შემადგენლობა, რომელიც თბილისში წლის ბოლოს იქნება. ახალი მატარებლის წარდგენის საზეიმო ღონისძიება ჩინეთის უმსხვილეს სარკინიგზო ტრანსპორტის მწარმოებელ კომპანიაში გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე ესწრებოდა.
ის, რომ თბილისის მეტროს წარმატებული განვითარება რეალური პერსპექტივაა, წარდგენის ღონისძიებაზე არაერთხელ ითქვა. ჩინური მხარის მხრიდან აღინიშნა, რომ სპეციალურად თბილისის მეტროსთვის შექმნილი მატარებლის ახალი ვაგონები საქართველოსა და ჩინეთს შორის მყარი თანამშრომლობის კიდევ ერთი სიმბოლოა.
25 ახალი მატარებლიდან 14 ოთხვაგონიანია, 11 კი - ხუთვაგონიანი. სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მეტროს ახალი ვაგონები ძველისგან კომფორტით, უსაფრთხოებითა და ხარისხით მნიშვნელოვნად განსხვავდება.
საწყის ეტაპზე პროექტი 97 ვაგონის შესყიდვას ითვალისწინებდა, თუმცა სატენდერო პირობების შესაბამისად, რაოდენობა 111 ვაგონამდე გაიზარდა.
დედაქალაქის მთავარი ტრანსპორტი, რომლითაც ყოველდღიურად ასობით ათასი ადამიანი გადაადგილდება, წლის ბოლოს სრულად განახლდება.
პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თბილისის მეტროს ხაზების სპეციალური სიმულაციური სწავლება, რომლის საშუალებითაც მემანქანეები ახალ მატარებლებზე მუშაობისთვის გადამზადდებიან.