02 მაისი 2024,   04:50
ვრცლად
კარანტინის რეჟიმის დაბრუნების საფრთხე რეალურია, თუ ქვეყნები ვერ შეძლებენ ფრთხილად მოქმედებას - ჯანმოს ხელმძღვანელი

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 მილიონ 800 000-ს უახლოვდება. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. COVID-19-ის პანდემიას 263,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა მილიონ 200 000-ზე მეტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, თუ ქვეყნები შეზღუდვების გაუქმების დროს ფრთხილად არ იმოქმედებენ, შესაძლოა, კარანტინის დაწესება ხელახლა მოუწიოთ. ამის შესახებ განცხადება ტედროს გებრეისუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მან ის ზომებიც ჩამოთვალა, რომლებიც ქვეყნებმა კარანტინის რეჟიმის შემსუბუქებამდე უნდა მიიღონ. მათ შორის არის ინფიცირებულთა და მათთან კონტაქტში მყოფი პირების კონტროლის სისტემის დანერგვა და ჯანდაცვის სისტემის მომზადება.

"კარანტინის რეჟიმის დაბრუნების საფრთხე რეალურია, თუ ქვეყნები ვერ შეძლებენ გარდამავალ პერიოდში ფრთხილად მოქმედებას და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას. როდესაც პანდემია დასრულდება, აუცილებელი იქნება ჯანდაცვის სისტემებში უფრო მეტი ინვესტიციის დაბანდება, რათა კორონავირუსის მსგავსი პანდემიის დროს შექმნილი მდგომარეობა აღარ განმეორდეს,“ - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

დღის ამბები