02 მაისი 2024,   01:53
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვები სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაიწყება

რა გრაფიკით მოხდება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა - დეტალები ხვალინდელ ბიუროს სხდომაზე უნდა გახდეს ცნობილი.

სავარაუდოდ, განხილვები მომავალი კვირიდან დაიწყება. პროცესი მსოფლიო პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში ჩაივლის.

ოპოზიცია განხილვებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება. შეთანხმების შესრულებამდე ხელისუფლების ოპონენტები კანონპროექტის მხარდაჭერასაც არ აპირებენ.

"არ მივიღებთ მონაწილეობას განხილვებში, ვინაიდან ხელშეკრულება არ არის ბოლომდე შესრულებული. დარჩა ერთი პატარა ნაბიჯი, ეს არის გიორგი რურუას გამოშვება და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამასაც შეასრულებენ, ვინაიდან ძალიან დიდია ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა. როგორც გამოუშვეს სხვები, ასე გამოუშვებენ მასაც. ამის შემდეგ დავბრუნდებით პარლამენტში და მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ, თუ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე იქნება შესრულებული.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საყოველთაო-სახალხო განხილვა დისტანციურად ჩატარდება. მისი თქმით, ივნისში შესაძლებელია საკომიტეტო მოსმენებისა და პლენარული სხდომების დაწყება.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში 11 მარტს დარეგისტრირდა. ამ ფაქტს წინ უძღოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უცხოელი დიპლომატების მედიატორობით მოლაპარაკებები, რომელიც საბოლოოდ 8 მარტს შეთანხმებით დასრულდა. საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად, მომავალ პარლამენტში პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატი შევა.

დღის ამბები