14 ივლისი 2020,   18:14
ვრცლად
ვინც ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა არ მისცა და კრიმინალური ქეისებით ამართლებს​, ეს არ იმუშავებს - პრემიერი

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ბათუმში გამოეხმაურა, სადაც ის მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით იმყოფება.

"დღეს ჩვენ ყველამ ერთად დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაცია და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი და ამას მივეცით ხმა," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმითვე, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს.

"ეს არის შეუბრუნებელი პროცესი, რომელზეც ქართული დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა 90-იანი წლებიდან ოცნებობდა. ვერავინ ეს ვერ გააკეთა და ეს შეძლო "ქართულმა ოცნებამ", რაც არ უნდა რთული ყოფილიყო, სახელისუფლებო გუნდმა მოახდინა სრული მობილიზება და გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების და რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების შეუქცევადობის გამო.

დღეს ჩვენ ყველამ ერთად დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაცია და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი და ამას მივეცით ხმა. ვინც გარკვეული, ვიწროპოლიტიკური, ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა არ მისცა და ამას ამართლებს რაღაც აბსოლუტურად გაურკვეველი, კრიმინალური ქეისებით, ეს თავის გამართლება უბრალოდ არ იმუშავებს თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე.

ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა, არჩევნები საქართველოში იყოს დემოკრატიული, სრულად გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს არჩევნების დასავლურ უმაღლეს სტანდარტებს, რასაც ჩვენ გაკავეთებთ, ამის შემდგომ უკვე ვის მისცემს ხმას ამომრჩეველი, როდესაც საარჩევნო ურნასთან აღმოჩნდება," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარლამენტმა მესამე მოსმენით 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა მხარი.

დღის ამბები