19 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
ამირან გამყრელიძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში არ არის გამორიცხული გაფართოებული ტესტირებები სხვა ბაზრობების ტერიტორიაზეც ჩატარდეს

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებები ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით გაკეთდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ მომენტისთვის საქართველოში 2 ცხელი წერტილია: გარდაბანი და ლილოს ბაზრობა.

ამირან გამყრელიძემ გარკვეული სტატისტიკური მონაცემებიც მიაწოდა მედიასაშუალებებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გარდაბანში აღმოჩენილია 59 კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა, აქედან 6 თავად ქალაქის ტერიტორიაზე, 4 ყარათაკლიაში, 6 სოფელ გამარჯვებაში და ყველაზე მეტი - 29 სოფელ ყარაჯალარში. სწორედ ყარაჯალარში არის ამ მომენტისთვის ყველაზე რთული მდგომარეობა.

სულ გარდაბნის ტერიტორიაზე 3 394 ადამიანია გამოკვლეული და 142 მათგანი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი. გარდაბანში აღმოჩენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა ქვეყანაში აღმოჩენილი საერთო რაოდენობის 4%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ლილოს ბაზრობას, როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში ადგილზე გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს იქ დასაქმებული ადამიანებისთვის. ლილოს ტერიტორიაზე ამ დროისთვის 1 415 ადამიანია გამოკვლეული და მათგან 8 დადასტურებული COVID-19-ის შემთხვევაა ბოლო 2 დღის განმავლობაში. ამირან გამყრელიძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში არ არის გამორიცხული ლილოს ბაზრობის მსგავსად, გაფართოებული ტესტირებები სხვა ბაზრობების ტერიტორიაზეც ჩატარდეს.

"ეს 2 წერტილი  - ბაზრობები და გარდაბნის მუნიციპალიტეტი არის უფრო მეტად ყურადღების მისაქცევი ადგილები ქვეყანაში, სადაც მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირებები.

გამკაცრებულია ბაზრობებზე თერმოსკრინინგი, დისტანცირება, გამკაცრებულია სანიტარული წესები და ყველაზე დიდ ბაზრობაზე, ლილოში მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები და ვფიქრობთ, ახლა დგება პროექტი  - ამ ტიპის კვლევები განვახორციელოთ ყველა ბაზრობაზე," - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ  შრომის ინსპექტირების სპეციალური ჯგუფები მონიტორინგს ახორციელებენ ასევე ბაზრობების ტერიტორიებზე და რეგულაციების არასათანადო შესრულებისთვის მათ გარკვეული დარღვევებიც გამოავლინეს.

"ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ჩვენ დავიწყეთ ბაზრების და ბაზრობების შემოწმება. თბილისის მასშტაბით გასულ კვირაში შემოწმდა ფაქტობრივად ყველა ბაზარი. ეს ბაზრებია ლილო, ელიავა, დეზერტირები, ნავთლუღი, დიდუბე, გლდანი, ვარკეთილი და დიღომში არსებული ბაზრობები. ჩვენ ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფებით მივაწოდეთ ფაქტობრივად ყველა მათგანს ინფორმაცია ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, თუმცა მიუხედავად 3 დღიანი მუშაობისა კვლავ გარკვეულ ბიზნეს ობიექტებთან ფიქსირდებოდა ხარვეზები და დარღვევები იქნა გამოვლენილი, ამიტომ ჩვენ იძულებულნი გავხდით, რომ გამოგვეყენებინა სანქცირების მექანიზმი," - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

ავტორი: მირიან გორგოძე

დღის ამბები