პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების მთავარი თემა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი და სამართალწარმოების დაწყების წინაპირობა იყო. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა სასესიო დარბაზსა და საკონსტიტუციო სასამართლოში მყოფ ოპონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენა - რატომ მიიჩნევს მმართველი ძალა "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის იდეურ მოკავშირეებს ანტიკონსტიტუციურად. წამება, ძალადობა, სისტემური დანაშაული - ეს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს საერთაშორისო სასამართლოებში დადასტურებული ფაქტებია. ირაკლი კირცხალიას მტკიცებით, წლების განმავლობაში ოპოზიცია სახელმწიფო ინსტიტუტების რყევას და ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივად შეცვლას ცდილობდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს გახარიას პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა უპასუხა და საკუთარი პოლიტიკური ძალის ნაცმოძრაობისგან დისტანცირება სცადა. გიორგი შარაშიძე დღეს იმასაც ამტკიცებდა, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი დამხობის მცდელობასთან პარტია "საქართველოსთვის" შეხება არ ჰქონია.
გიორგი შარაშიძეს პარლამენტში გახარიას გუნდის შემოსვლამდე მიცემული ინტერვიუ შეახსენა ლევან მაჭავარიანმა. პოლიტიკოსის თქმით, არქივი მრავლად ინახავს მასალებს, როგორ ელოდებოდნენ 4 ოქტომბრის დაანონსებულ რევოლუციას პარტია "საქართველოსთვის" წევრები. ძალადობრივი აქციის კრახის შემდეგ კი, პარლამენტში შესვლა ლობისტების მითითებით გადაწყვიტეს.
გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა დღეს საკონსტიტუციოს მოსამართლეების დისკრედიტირებაც სცადეს. რასაც პარლამენტის სპიკერმა სასამართლოზე ზეწოლისა და ცრუ ბრალდებების გავრცელება უწოდა. შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს სახელმწიფო ინსტიტუციების პატივისცემისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მსგავსი მიდგომებით გახარიას გუნდი საკონსტიტუციო სარჩელში მათი დამატების რელევანტურობას ამტკიცებს.
რატომ უნდა აიკრძალოს კანონით "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მოკავშირე პარტიები - ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. ლევან მახაშვილის თქმით, მუდმივი ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ინტერესების წინააღმდეგ ამ პოლიტიკური ჯგუფის რეალურ სახეს აჩვენებს.
საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების ნაწილის სამართლებრივი აკრძალვის საკითხს მეორე კვირაა განიხილავს. სხდომების დასრულების შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 9-თვიანი ვადა ექნება.