არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით სასამართლო რეფორმის 10 პუნქტიანი კონცეფცია შემუშავდა, რომელსაც ხელს პოლიტიკური პარტიები აწერენ.
ეს არის საჯაროდ აღებული ვალდებულება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ მართლმსაჯულების ძირეული რეფორმა განხორციელდება. მათ შორის არის სისტემის გაჯანსაღება, არაფორმალური გავლენებისგან გათავისუფლება და შიდა დემოკრატიული პროცესების წახალისება.
"ძალიან მნიშვნელოვანია ახალ პარლამენტში მიიღონ ახალი დოკუმენტი, რომელიც დაადგენს, რა პრობლემები გვაქვს სასამართლოში და ეს იქნება პოლიტიკური თანხმობის დოკუმენტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტში შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის იმ უარყოფით მოვლენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა სასამართლოში გასული წლების განმავლობაში. მნიშვნელოვანია, შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევის წესი, რომელიც იქნება უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალე,"- განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის ინფორმაციით, ეს 10 პუნქტიანი კონცეფცია შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება, უმაღლესი სკოლის დამოუკიდებლობა, მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობა, ზოგადად, სასამართლო სისტემის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და ბევრ სხვა საკითხს, რაც სერიოზულ ცვლილებებს საჭიროებს.
"ჩვენი მიზანი იყო გამოგვეკვლია ყველა ის საკითხი, რომელიც მთავარ დაბრკოლებად რჩება სასამართლო სისტემაში, რათა სასამართლომ მოახერხოს გათავისუფლება ერთის მხრივ, კლანური მმართველობისგან, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და მეორეს მხრივ, მოსამართლეები გახდნენ ბევრად უფრო დამოუკიდებლები და სასამართლოს სისტემა გახსნილი იყოს კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანებისთვის. ეს 10 პუნქტიანი გეგმა არის საშუალება იმისა, რომ თუ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები ვერ განხორციელდა, პარტიებმა და საზოგადოებამ ერთობლივად ვიმუშაოთ, რომ ერთობლივი მუშაობით გარკვეული ცვლილებებით გაუმჯობესდეს მართლმსაჯულების სისტემა,"- განაცხადა "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ.