20 აპრილი 2024,   11:07
ვრცლად
2020 წლის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია თებერვლის დასაწყისში შეიქმნება

პარლამენტში 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია თებერვლის დასაწყისში შეიქმნება. საარჩევნო რეფორმასთან ერთად კომისიის შექმნა, მმართველი გუნდის მთავარი შეთავაზებაა ოპოზიციისთვის. თუმცა კომისიაში მუშაობაში მონაწილეობას, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიიღებენ.

"ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, თუმცა ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებას არ იღებს და ისევ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნვას ითხოვს.

"აქ მთავარი ის არის, რომ სამი თვის შემდეგ, რაც არ უნდა გამოვიძიოთ და ვიკვლიოთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბუთებში, პრაქტიკულად ვერაფერს ვეღარ მივაგნებთ. 31 ოქტომბრის ღამეს, როგორ დაწერეს ოქმები, ამ სამი თვის განმავლობაში, ყველაფერი ჩასწორებული, გადასწორებული და მართლაც გაწიკწიკებული ექნებათ, ვინ შეუშლიდათ ხელს? ამიტომ ამ საგამოძიეობო კომისიის შექმნას არანაირი აზრი არ აქვს და ამ სიტუაციიდან გამოსავალი, როგორ მიიტაცეს ხელისუფლება გამოსავალი არის მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.

"დამტკიცება ჩვენ გვინდოდა, კობახიძეზე სამი თვით ადრე. ყველა ლეგალური გზა გავიარეთ, რაც ხელისუფლებამ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სასამართლოებმა გააკეთეს. იგივეს გვთავაზობს, რაზეც უარი გვითხრა სამი თვის წინ, რეალურად როდესაც შეიძლებოდა რაღაცის გარკვევა. ახლა შეუძლებელია ჩაკეტილია პროცესი. ცესკო და სასამართლო სამი თვით უკან ვერ დაბრუნდება. მაშინ უნდა გაუქმდეს შედეგები და მივიდეთ ნოემბრის პირველ რიცხვებში, როდესაც ჩვენ მასიურად ყველა მტკიცებულება წარვადგინეთ,"-აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისიის სანდოობას, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობა უზრუნველყოფს.

"ძალიან მძიმე სურათს ქმნის ის, რომ ოპოზიციის ნაწილმა გადაწყვიტა, საქართველო აიყვანოს მძევლად. ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა, სამართლიანი შეფასება ყველა იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რაც ოპოზიციის ნაწილს გააჩნია. თუ ამაში თვითონ არ ერთვება, კომისია უნდა იყოს კომპეტენტური და ამაში არა მარტო "ქართული ოცნება" არამედ ექსპერტთა ჯგუფი უნდა ჩაერთოს, რასაკვირველია ძალაში რჩება ჩვენი პირობა, რომ თუკი გადახრა იქნება "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, მაშინ საფუძველი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარებისა,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

"საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფორმატი, დამოკიდებული იქნება ოპოზიციის აქტივობაზე. ოპოზიციის ჩართულობა სასარგებლო იქნება საზოგადოებისთვის და ამ კომისიის მუშაობისთვის. იმ შემთხვევაში კი, თუ ოპოზიციური პარტიები კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ვფიქრობ ნაკლებად დააზიანებს სანდოობას. ამას უზრუნველყოფ საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობა და მონაწილეობა. ვფიქრობ ეს არის კონსტრუქციული ნაბიჯი ჭეშმარიტების დადგენისკენ,"- პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

 

დღის ამბები