თბილისის საქალაქო სასამართლომ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება სასამართლო პროცესზე გამოცხადდა.
ადვოკატებმა მოსამართლის მიერ, განაჩენის წაკითხვის დასრულებამდე სასამართლო დარბაზი დატოვეს.
შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს გენერალურმა პროკურატურამ გუშინ მიმართა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. საგამოძიებო უწყება პატიმრობას ითხოვდა. ნიკა მელია მიმდინარე პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და სასამართლო პროცესს არ დასწრებია. მისმა ადვოკატებმა პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნას დააყენეს.
ბრალდების მხარე ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. პროკურატურამ გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდისთვის ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს ამოიწურა.
პროკურატურის განმარტებით გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე, ამისთვის პროკურატურას პარლამენტის თანხმობა და ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა სჭირდებოდა. პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.