18 დეკემბერი 2024,   20:45
ვრცლად
დღესდღეობით და უახლოეს მომავალში "ქართული ოცნება" გახლავთ უკონკურენტო - შალვა პაპუაშვილი

ბექა ლილუაშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ანა ბუჩუკური, ალეკო მოწერელია, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი, რომელიც დღეს ბრიფინგზე არ იმყოფებოდა, რადგან კორონაინფიცირებულია - "ქართული ოცნების" 6-მა წევრმა უმრავლესობა დატოვა. დეპუტატები აცხადებენ, რომ ისინი გიორგი გახარიასთან ერთად იწყებენ პოლიტიკური პარტიის მშენებლობას. ისინი იქნებიან დამოუკიდებელი დეპუტატები, რადგან ფრაქციის შექმნას, მოქმედი კანონმდებლობით 7 დეპუტატის მანდატი სჭირდება.

პირველ განცხადებას აკეთებს "ქართული ოცნება". კითხვაზე - ემუქრება თუ არა უმრავლესობას დაშლის საფრთხე, მმართველი პარტია ამბობს, რომ მათი გუნდი ამ საფრთხის წინაშე არ დგას.

"ქართულ ოცნებას" 90 მანდატი ჰქონდა, ახლა ექნება 6-ით ნაკლები, ანუ 84. შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის შესაქმნელად 76 დეპუტატის მანდატია საჭირო.

"გამორიცხულია, რომ "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო უმრავლესობა არ ჰყავდეს. "ქართული ოცნება" დღესდღეისობით უკონკურენტო არის ბევრი მიზეზის გამო იქნება ეს ის ლიდერები, რომლებიც ამ გუნდში არიან, იქნება ეს პროგრამა, იქნება ეს გაკეთებული საქმე თუ სხვა საკითხები, რომლებიც უკავშირდება "ქართულ ოცნებას". ამიტომ ჩემი შეფასებით, დღესდღეისობით და უახლოეს მომავალში "ქართული ოცნება" გახლავთ უკონკურენტო.

საქართველოს ყველა მოქალაქე თავისუფალია, რომ იყოს პოლიტიკური ცხოვრების მონაწილე, ასევე ეს თავად გიორგი გახარიას გადასაწყვეტია, ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გვითქვამს. მან ჯერჯერობით ზოგადი განცხადება გააკეთა, ვნახოთ კონკრეტულად რა ნაბიჯებს მოიმოქმედებს პოლიტიკური კუთხით,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

მმართველ გუნდში ასევე აცხადებენ, რომ 6 დეპუტატის უმრავლესობიდან წასვლის შესახებ უმჯობესი იქნებოდა საჯარო სივრციდან არ გაეგოთ და საკითხზე წინასწარ გარკვეული კონსულტაციები ჩატარებულიყო. რაც შეეხება გიორგი გახარიას, უმრავლესობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ის არც თუ ისეთი სუსტი კონკურენტი იქნება.

"მოულოდნელი იყო და უფრო მოლოდინი მექნებოდა, რომ წინასწარ თავის გუნდის წევრებთან რაღაც კონსულტაციები გაევლოთ და საჯარო სივრციდან არ გაგვეგო ამის შესახებ. მინუს 5 დეპუტატით საპარლამენტო უმრავლესობა არ დაიკარგება. მე გახარიას პოლიტიკური გეგმის შესახებ კონკრეტულად არაფერი ვიცი, ვიცი, რომ მას აქვს პოლიტიკური გეგმები, მაგრამ რა კონკრეტულად - ადგილობრივში აპირებს მონაწილეობის მიღებას თუ პარტიულ საქმიანობას, ვერ გეტყვით ამის შესახებ. გიორგი გახარია ცალსახად არც თუ ისე სუსტი კონკურენტი იქნება, რადგანაც ის დიდი ხნის განმავლობაში იყო პრემიერ-მინისტრი და სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, უმნიშვნელო ფიგურა ნამდვილად არ იქნება," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო.

დღის ამბები