23 ნოემბერი 2024,   06:04
ვრცლად
საქართველოში კოვიდპასპორტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია - რა ჩაიწერება დოკუმენტში

ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართავს, ვაქცინირებული ტურისტებისთვის შეზღუდვები მოხსნან. რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ცალკეული ევროპული ქვეყნები, ჯერ უცნობია, მაგრამ თუ ეს რეკომენდაცია შესრულდება, ფაქტია, მოქალაქეს დასჭირდება დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ აცრა უკვე გაიკეთა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კოვიდპასპორტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. დოკუმენტის შექმნაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუშაობს.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები იმ მაჩვენებლებზე საუბრობენ, რომელიც კოვიდპასპორტებში უნდა ჩაიწეროს. ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი ამბობს, რომ კოვიდპასპორტში 3 მაჩვენებელი ჩაიწერება:

"ეს ძირითადად შემოიტანეს იმ ქვეყნებმა, რომელთა ეკონომიკაც ტურიზმზე ძალიან არის დამოკიდებული. უნდათ, რომ რაღაცნაირად არეგულირონ ეს პროცესი, რომ ჯერ ერთი, რომ მოსახლეობას ისევ ჰქონდეს საშუალება, რომ იმოგზაურონ და თან დაიცვან ქვეყნები, რომ ინფექცია არ შემოვიდეს ამა თუ იმ ქვეყანაში. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც დაიწყეს ქვეყნებმა კოვიდპასპორტთან დაკავშირებით საუბარი. საქმე იმაშია, რომ ყველა ქვეყანას თავისებურად აქვს გაკეთებული. 3 რაღაცაა - ერთი არის PCR ბოლო 72 საათი, მეორე არის აცრა და მესამე არის თუ გაქვთ გადატანილი ინფექცია. მარტო ვაქცინაცია რომ მოეთხოვათ, იმის გამო, რომ  ჯერ ვაქცინა საკმარისი არაა, ბევრი ვერაა აცრილი და ეს შეიძლება ჩათვლილიყო ამ ადამიანების დისკრიმინაციად," - აცხადებს ზაზა წერეთელი.

ექიმი ვასილ ხაჩიშვილი მიიჩნევს, რომ შეღავათები, რომლებიც ვაქცინირებულ პირებს დაუწესდებათ, ვაქცინაციის პოზიტიურ სტიმულაციას მოახდენს:

"პოზიტიური სტიმულაცია იქნება, თუ ვაქცინირებულ მოსახლეობას ექნება საშუალება კომენდანტის საათის დროს გადაადგილების, თუ ექნება საშუალება დახურულ სივრცეებში შესვლის, ეს წაახალისებს ვაქცინაციის მსურველებს," - განაცხადა ვასილ ხაჩიშვილმა.

დღის ამბები