26 დეკემბერი 2024,   11:35
ვრცლად
ნინოწმინდის პანსიონიდან 6 ბავშვი უკვე გამოყვანილია - რას აცხადებს ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი

ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვები გაჰყავთ - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ცნობით, ბავშვთა სახლიდან წამოსვლის სურვილი 6 არასრულწლოვანს ჰქონდა, კიდევ ათზე მიმდინარეობს მუშაობა.

პანსიონიდან ბავშვების წასვლის მიზეზად დაწესებულებაში დარჩენილი მოზარდები, მშობლებთან გადასვლას ასახელებენ და სხვა რაიმე ფაქტორებზე არ საუბრობენ.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე კი ამბობს, რომ ადგილზე სპეციალური ჯგუფია გაგზავნილი, რომელიც დაწესებულებაში იმ დრომდე დარჩება, ვიდრე არ დარწმუნდებიან, რომ სიტუაცია სტაბილურია.

"მას შემდეგ, რაც სოციალურ მუშაკს მიეცა საშუალება, რომ შესულიყო დაწესებულებაში, მან 6 ბავშვი დააიდენტიფიცირა, რომელსაც უნდოდა სახელმწიფოს ზრუნვის ფორმის გამოცვლა. ეს 6 ბავშვი უკვე გამოყვანილია დაწესებულებიდან და ახლა გრძელდება კიდევ დამატებით 10 ბავშვთან მუშაობა. თუმცა ამავდროულად მიმდინარეობს სხვა ბავშვების შეფასების პროცესიც.

ბავშვების ზრუნვის ფორმის შეცვლას გარკვეული მუშაობა სჭირდება, ეს გადაწყვეტილებები მათთან შეთანხმებით უნდა იქნას მიღებული. ამისათვის ჩვენ სპეციალური ჯგუფი გვყავს ადგილზე გაგზავნილი, რომლებიც იქ დარჩებიან და არ დატოვებენ დაწესებულებას, სანამ არ გვეცოდინება, რომ იქ ყველაფერი არის წყნარად," - განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

იქიდან გამომდინარე, რომ შსს გამოძიებას აწარმოებს სავარაუდო ძალადობისა და გაუპატიურების მუხლებით, დაწესებულებაში იმყოფებიან უწყების წარმომადგენლები და მიმდინარეობს ბენეფიციარების გამოკითხვის პროცესი.

დღის ამბები