საველე ჰოსპიტალი პირველ პაციენტებს ხვალიდან მიიღებს. დიღმის საველე ჰოსპიტალი უკვე ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი. სპორტულ დარბაზში მობილიზებულია საწოლები, ხელოვნური სუნთქვის აპარატები, სამედიცინო აპარატურა. პარალელურად, ქვეყანაში უკვე ეწყობა მეორე საველე ჰოსპიტალიც. დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საავადმყოფოებში პაციენტების ადგილები აღარ არის.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ნოდარ ჩიმაკაძის განცხადებით, საველე ჰოსპიტლებში სამედიცინო პერსონალი გამოცდილი კადრებით დაკომპლექტდა.
"საველე ჰოსპიტალი, პრაქტიკულად, მზადაა პაციენტის მისაღებად. მიღებულია გამოცდილი კადრები, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში მუშაობდნენ, როგორც ექიმები, ისე ექთნები და სანიტრები. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და რესპუბლიკური საავადმყოფოც სრულად მობილიზებულია, რომ ხარისხი იყოს არანაკლები, როგორც სხვადასხვა კლინიკებში. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ,"- აცხადებს ნოდარ ჩიმაკაძე.
პარალელურად, ექიმები საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, არავინ იცის ინფიცირებულების ზრდის ამ ტემპით, საველე ჰოსპიტლების მობილიზება საკმარისი იქნება თუ არა.
"რეალობა ის არის, რომ საველე ჰოსპიტლებზე გადავედით. რამდენადაც გვეყოფა ეს ჰოსპიტლები, ვერ გეტყვით და რამდენად გვეყოფა სამედიცინო პერსონალი ამ ჰოსპიტლებისთვის. ამიტომ, რაც შეიძლება მკაცრად დავიცვათ რეგულაციები, მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს და ძალიან სწრაფად ავიცრათ. ის, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, აიცრას თუ არა, ამაზე ფიქრი დაამთავროს და დაუჯეროს ექიმებს,"- აცხადებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი.