გუშინ, პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ოპოზიციური სპექტრი დადებითად აფასებს. მართველი გუნდის ოპონენტები თვლიან, რომ მიღებული შედეგი ურთიერთმოლაპარაკებების საფუძველზე გადაწყვეტილი საკითხებია და მნიშვნელოვანია მისი კონსტიტუციაში ჩაწერა.
პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალისა" და პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი მიღებულ ცვლილებებს სასარგებლო ნაბიჯს უწოდებს.
"იშვიათი შემთხვევაა, როცა პარლამენტმა სასარგებლო საქმე გააკეთა. ის, რომ 2%-იანი ბარიერი იქნება არჩევნებზე და არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, როდესაც არ უნდა ჩატარდეს ეს საპარლამენტო არჩევნები, ეს სასარგებლო ნაბიჯია იმისაკენ, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ნამდვილი პარტიული, პოლიტიკური სისტემა," - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, მიღებულმა ცვლილებებმა პოლიტიკური გარემოს სტაბილური და გრძელვადიანი გაჯანსაღება უნდა მოიტანოს.
"126 ხმით მხარი დავუჭირეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელმაც უნდა მოიტანოს პოლიტიკური გარემოს სტაბილური და გრძელვადიანი გაჯანსაღება შესაბამისი საარჩევნო ცვლილებების კონსტიტუციურ დონეზე უზრუნველყოფის გზით. თუმცა, ხაზგასმით ვიტყვი, რომ ეს არის მხოლოდ პირველი მოსმენის რეჟიმში მხარდაჭერილი ცვლილებები, შესაბამისად, ჯერ ეს არ არის კანონი და იმედი მაქვს, რომ მეორე და მესამე მოსმენის რეჟიმშიც დროულად გავივლით ამ ეტაპს და ეს ცვლილებები გახდება კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილი," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.