გიორგი გახარიას გუნდს საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთმა ავტორმა სასამართლო დარბაზიდან კიდევ ერთხელ გააცნო ბრალდებები, რომლის მიხედვითაც 4 პარტიასთან ერთად ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური ძალაც საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში და შესაძლო აკრძალვის წინაშე დადგა. 4 ოქტომბრის მოვლენებზე დადებული პოლიტიკური ფსონი და ხელისუფლების დამხობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შეცვლილი პოზიცია აძლევს მმართველ გუნდს საფუძვლიან არგუმენტს, რომ გიორგი გახარიას პარტიის კონსტიტუციური წესით აკრძალვა სხვა პარტიების მსგავსად გამართლებული და ლეგიტიმურია.
ბრალდებების უარყოფას გახარიას გუნდი სოციალურ ქსელში ვიდეო კოლაჟის გავრცელებით შეეცადა. პარტიის მიერ მომზადებულ მასალაში პოლიტიკური ძალის წევრები 4 ოქტომბრის მოვლენებიდან დისტანცირებას მისი კრიტიკით ცდილობენ.
პროცესების რადიკალიზაციას საჯარო განცხადებებში ემიჯნებოდნენ, რევოლუციური სცენარიდან დისტანცირებასაც ცდილობდნენ, თუმცა სატელევიზიო არქივი არაერთ მასალას ინახავს, რომლის მიხედვითაც მათი პოზიციის ცვლილება და პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტა სწორედ 4 ოქტომბრის მოვლენებმა განაპირობა. გახარიას პარტიის ლიდერები არ მალავდნენ, რომ პროცესების სხვაგვარად განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა, მანდატები არც კი აეღოთ. საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის მიუხედავად კი ამტკიცებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაცია არ აქვს და არც მომავალში ექნება. ამ განცხადებების ფონზე კი პარტიის წევრების ნაწილი სადეპუტატო მანდატებსაც კი ინარჩუნებს.
სასამართლო დარბაზში გაჟღერებულ ბრალდებებზე პასუხებს სასამართლოშივე ითხოვენ საკონსტიტუციო სარჩელის წარმდგენები. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, ის, რომ გახარიას პარტიის მიზანი რეალურად საპარლამენტო მანდატებით პარლამენტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა იყო, მათთვის დადასტურებულია.
გიორგი გახარიას პარტიის 11-მა წევრმა სადეპუტატო მანდატი გასულ წელს 1-წლიანი ბოიკოტის შემდეგ ჩაიბარა. 4 ოქტომბრის მოვლენების, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობის ჩავარდნის შემდეგ პოზიცია შეიცვალეს და საპარლამენტო სავარძლებიც მოირგეს.