02 მაისი 2024,   02:07
ვრცლად
მეცნიერები რუსეთიდან გარბიან - კორუფცია, რეპრესიები, "სტუკაჩები" და ჯაშუშობაში დადანაშაულების შიში - რატომ აღარ უნდათ იქ უკან დაბრუნება

რუსეთის მთავრობამ ამბიციური პროექტი დააანონსა, რომელიც 2030 წლისთვის ნახევარი მილიონი ემიგრანტის რუსეთში დაბრუნებას გულისხმობს. მათთვის, ვინც მსგავს უხვად დაფინანსებულ პროექტებს იცნობს, ცხადია, რომ ეს კიდევ ერთი ფინანსური შესაძლებლობაა რუსეთის კორუმპირებული ელიტისთვის ბიუჯეტის ფულის მისათვისებლად.

უამრავი პროექტი, რომელიც, ერთი შეხედვით, რუსი ხალხისთვის სასიკეთო გეგმას წარმოადგენს, სინამდვილეში გიგანტური კორუფციული სქემაა. მაგალითად, ავიღოთ კორუფციული მონოპოლია სარიტუალო სერვისზე მოსკოვში, რომელიც 2019 წელს ჟურნალისტ ივან გოლუნოვს ლამის თავისუფლების ფასად დაუჯდა. ყველამ, ვისაც მოსკოვში ერთხელ მაინც დასჭირვებია დამკრძალავი ბიუროთი სარგებლობა, იცის როგორიცაა ეს მონოპოლია, რომელიც თითქოს "ბაზრის გასასუფთავებლად" და "უპოვართა დასახმარებლად" არის შექმნილი, სინამდვილეში კი, ჩინოვნიკებისთვის მოგების წყაროს წარმოადგენს.

რუსეთში, საჯარო სერვისებში კორუფცია მრავალი სახით გვხვდება და ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ დონე უკიდურესად მაღალია. თუმცა, რეპატრიაციის ახალი სქემა რუსული სტანდარტებითაც კი ბევრად უფრო დამთრგუნველია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

მიუხედავად კრემლის ამაღლებული განცხადებებისა, რუსეთიდან ტვინების გადინება გრძელდება და ფაქტობრივად, პიკს მიაღწია - 2012 წლიდან რუსეთიდან წასულ მეცნიერთა რიცხვი ხუთჯერ გაიზარდა. რუსეთის სამეცნიერო აკადემია ამ ფაქტს დაფინანსების პრობლემით ხსნის. მიუხედავად იმისა, რომ ამ აზრში ნამდვილად არის სიმართლე, თუ მეცნიერებს შეუძლიათ ბევრად მაღალი ანაზღაურება მიიღონ საზღვარგარეთ, მაშინ რატომ არ უნდა დატოვონ ქვეყანა, აქ კიდევ ერთ პრობლემას ვაწყდებით, ეს არის შიში.

რუსული სახელმწიფოს ყოვლისმომცველი პარანოიის პირობებში, ნებისმიერ სექტორში მომუშავე ადამიანს ემუქრება ჯაშუშობაში დადანაშაულების საფრთხე. თუკი გაესაუბრებით ნებისმიერს, ვინც  რუსეთის კოსმოსურ ინდუსტრიაში ან მონათესავე სფეროებში მუშაობს, გაიგებთ, რომ ისტორიები "მოღალატეებზე" და "უცხო ქვეყნის აგენტებზე" ნადირობის შესახებ, აისბერგის მხოლოდ მწვერვალს წარმოადგენს.

2011-2012 წლებში, არჩევნების გაყალბების გამო არსებული უპრეცენდენტო პროტესტის შემდეგ, კრემლი მუდმივ წინააღმდეგობაში მოდის შეკრების თავისუფლების, სიტყვის და ზოგადად თავისუფლებების იდეასთან. რეპრესიებმა, რომლებიც ადრე უფრო შემთხვევითობის პრინციპით ხდებოდა, უფრო შემაშფოთებელი სახე მიიღო - მათ შორის, უფრო და უფრო დრაკონული კანონმდებლობის მიღებით. რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განახლებული წესების თანახმად, კოსმოსურ სექტორში მომუშავე თანამშრომელთან უბრალო საუბარმაც კი შეიძლება ის "უცხოეთის აგენტების" სიაში მოახვედროს.

რუსეთის კანონები ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ, რეალურად, ნაკლებად ემსახურება სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. იგი სპეციალურად არის მოდიფიცირებული, რათა სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი არასასურველი ადამიანის მიმართ დაიწყოს მიზანმიმართული დევნა. რატომ? რუსეთის კოსმოსური სექტორი წარმოუდგენლად კორუმპირებულია მათივე სტანდარტებითაც კი. მიუხედავად ამაყი საბჭოთა მემკვიდრეობისა, რომელიც  კოსმოსში პირველი ადამიანის, ხოლო შემდგომ პირველი ქალის გაფრენას გულისხმობდა, კორუფციამ  დარგის განვითარება შეაფერხა. აქ იქმნება დილემა: კოსმოსური და თავდაცვის პროგრამები კრემლის პრესტიჟის მთავარი წყაროა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ელიტას ქურდობა ნებადართული აქვს.

2019 წელს რუსეთმა მსოფლიოს ყველაზე უთანასწორო ეკონომიკის ქონის საეჭვო პატივს მიაღწია, რაც პუტინიზმის, როგორც იდეოლოგიის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ამრიგად, წარუმატებლობის ახსნის მცდელობას წარმოადგენს იმ მეცნიერებისა და ექსპერტების დადანაშაულება, ვინც "ბოროტ უცხოელებთან" თანამშრომლობენ, სხვაგვარად რომ ვთქვათ - ქვეყანას ღალატობენ. ცნობილი, მიმდინარე საქმე ეხება ივან საფრანოვს, რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილ მრჩეველს. ცოტა ხნის წინ ალექსანდრე კურანოვი, ცნობილი ჰიპერბგერითი ხომალდების ექსპერტი დააკავეს და ღალატში დაადანაშაულეს. კურანოვი 70 წელს გადაცილებულია და მისი კოლეგები აღნიშნავენ, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება კიდევ უფრო აბსურდულია, ვიდრე საფრანოვის. რა თქმა უნდა, რუსეთისთვის არც ერთ მათგანს მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანი და მთავარი ისაა, რომ პარანოიის ატმოსფერო ქურდობის გაგრძელების საშუალებას იძლევა, მაშინ, როცა ყველა მორჩილად დუმს.

ყველაზე მზაკვრული მეთოდი, რომლითაც კორუმპირებული სისტემა რუსეთის კოსმოსურ და თავდაცვის სფეროებს აზიანებს არაკვალიფიცირებული, მაგრამ კავშირში მყოფი ადამიანებისთვის პროგრამების ხელმძღვანელობის ჩაბარებაა. ამაზე ადგილობრივ მედია, ძირითადად, დუმს, რადგან იციან მსგავს თემაზე წერამ რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ისინი, თუმცა, წლების მანძილზე მსგავსი ფაქტები ძალიან დიდი რაოდენობითაა დაგროვებული.

"სტუკაჩი" - ეს ტერმინი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდშია დამკვიდრებული და აღნიშნავს ადამიანს, რომელიც ახორციელებს კოლეგების და მეზობლების ჩაშვებას, პირადი მოგების ან ეჭვის თავიდან არიდების მიზნით. foreignpolicy-სთვის მიცემულ ინტერვიუში ანონიმური წყარო ყვება: "სტუკაჩები" (ჩამშვებები) ყველგან არიან, ისინი ჩვენს ოფისებში სხედან და აღარ ვართ ბავშვები, რომ ამას ვერ მივხვდეთ. თუმცა, ბოლო პერიოდში, ყველაფერი კიდევ უფრო დამძიმდა. უეცრად, რომელიმე ჩინოვნიკის ბიძაშვილი სახელმწიფო პროექტის ხელმძღვანელი ხდება, შემდეგ ყველაფერი დაღმასვლას იწყებს, რადგან ბიძაშვილმა არ იცის, თუ როგორ მართოს საქმე. მაგრამ, ვისაც ამ ყველაფერთან პრობლემა ექნება, ძალიან დიდი შანსია, რომ მოღალატეების და აგენტების სიაში აღმოჩნდეთ."

საბჭოთა დროს წითელი ხაზები რუსი მეცნიერებისთვის მკაფიოდ მაინც იყო გავლებული - შესაბამისი ნებართვის გარეშე მათ არ ქონდათ უცხოელებთან კონტაქტის და კონფერენციებზე წასვლის უფლება. დღევანდელ რეალობაში კი, კრემლის სპიკერები ამბობენ, რომ რუსეთი დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც დაცულია სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები პროგრესული კონსტიტუციით, თუმცა, ეს მხოლოდ სიტყვებია და მეტი არაფერი. ეს ყველაფერი განსაკუთრებით სამწუხაროა, როდესაც გადაავლებთ თვალს, თუ რამდენი ბრწყინვალე და უკიდურესად თავდადებული ადამიანი მუშაობს რუსეთის კოსმოსურ პროგრამაში. მათ, ფაქტობრივად, სიცოცხლის რისკის ქვეშ უხდებათ უერთგულონ თავიანთ საქმეს და კოსმოსს, მიუხედავად კორუმპირებული და მძარცველი ელიტის ზემოქმედებისა.

ქვეყნიდან გაქცეულ ადამიანებს შესაძლოა ენატრებოდეთ სამშობლო, თუმცა, ნაკლებად აქვთ უკან დაბრუნების სურვილი. "რაღაც ძალიან მკვეთრი უნდა მოხდეს. რომ ვიფიქრო უკან დაბრუნებაზე," - ამბობს ანონიმური წყარო -"იგივე შემიძლია ვთქვა ბევრ ადამიანზე, ვისაც ვიცნობ ან თუნდაც არ ვიცნობ. აქ არაფერი ხდება იდეოლოგიის ან იდეის გამო. რუსეთში ყველაფერი ფულის გარშემო ტრიალებს და ეს კიდევ უფრო სამარცხვინოა, თუკი დავუფიქრდებით".

ავტორი: ნატალია ანტონოვა

თარგმნა: დაჩი წურწუმიამ

წყარო: foreignpolicy.com

დღის ამბები