02 მაისი 2024,   06:21
ვრცლად
მხარეები მოლაპარაკებებისთვის იკრიბებიან, რუსეთის მუქარის ტონი კი არ იცვლება - ლავროვის თქმით. ქვეყანაში არამეგობრული ქვეყნების მოქალაქეების შესვლა შეიზღუდება

ვოლოდიმირ ზელენსკი ნეიტრალურ სტატუსზე მოსალაპარაკებლად მზად არის. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სწორედ ნატოში გაწევრიანების საკითხი იქცა აგრესორი ლიდერისთვის ომის დაწყების საბაბად, ამიტომაც მზად არის დათმობაზე წავიდეს, თუკი ეს მოსახლეობის არჩევანი იქნება. ზელენსკი მოწინააღმდეგეს აფრთხილებს, რომ რეფერენდუმის შედეგების ასახვა კონსტიტუციაში ერთი წელი მაინც დასჭირდება. დააანონსა ისიც, რომ მიმდინარე კვირა დიპლომატიურ ფლანგზე აქტიური იქნება და პუტინსაც უთხრა, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეხვდება, კიევის, მოსკოვისა და მინსკის გარდა.

ვლადიმერ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრებზე უარი რომ არასდროს უთქვამს - ეს სერგეი ლავროვმა ზელენსკის მოსკოვიდან შეახსენა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთი იზოლაციაში ვერ აღმოჩნდება, რადგან მას ბევრი მეგობარი სახელმწიფო ჰყავს. დასავლეთის ქვეყნებს კი პირდაპირ უწოდა ბანდიტები. კრემლის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ჯერა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებში წარმატებას მიაღწევს და უკრაინასთან დიალოგის გასაგრძელებლად ანკარას გარდა ბელგრადსაც ასახელებს.

დაპირიპირებული მხარეების შეხვდრის ადგილი კი, ჯერ ისევ თურქეთია. რუსული დელეგაცია უკვე სტამბოლშია, უკრაინელები კი გვიან ღამით ჩავლენ. თურქული მხარის ინფორმაციით, შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც შუამავალი ქვეყნის პრეზიდენტი რუსეთის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა. ოფიციალური ანკარა იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტით დასრულდება.

სანამ მხარეები შეიკრიბებიან, მოსკოვის მუქარის ტონი არ იცვლება. რუსეთში უკვე მზადდება დადგენილება სავიზო ხასიათის საპასუხო ზომების შესახებ, რომელიც შეზღუდავს რუსეთში არამეგობრული ქვეყნების მოქალაქეების შესვლას. დიმიტრი პესკოვმა დღეს ისიც თქვა, რომ თუკი ევროპელები უარს იტყვიან საწვავის რუბლში გადახდაზე, მაშინ რუსეთი დასავლეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს, ვინაიდან არ აპირებს უფასოდ მიაწოდოს ის ევროპას.

ევროპას კი კრემლის მუქარა არ აშინებს. გერმანიის კანცლერი რუსეთისგან მეტ ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბრობს და არც იმის თქმას ერიდება, რომ უკრაინაში შეჭრით პუტინმა იმაზე მეტი წააგო, ვიდრე ელოდა. დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ენერგორესურესბის საფასურის რუბლით გადახდაზე მოსკოვს უკვე უთხრეს უარი

ოკუპანტი ფედერაცია დღემდე ცდილობს სახმელეთო დერეფნის გაჭრას ყირიმის ნახევარკუნძულისკენ, თუმცა ამ მიზნის მიღწევაში მას ხელს უშლის დაუმორჩილებელი მარიუპოლი. 5 უშედეგო მოლაპარაკების და ვირტუალური ფორმატების შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის მეექვსე მცდელობა ხვალ იქნება. სამშვიდობო დიალოგის მაგიდა მხარეებს ახლა უკვე სტამბოლში ელის.

დღის ამბები