02 მაისი 2024,   07:48
ვრცლად
რა ნაბიჯებს დგამენ მსოფლიო ლიდერები უკრაინის მხარდასაჭერად და უკავშირდება თუ არა ჩინეთის სამშვიდობო საგარეო პოლიტიკა ტაივანის მიმართ ამბიციებს

უკრაინის მხარდასაჭერად, დასავლელი პოლიტიკოსები კიევში ჩადიან და ვითარებას ადგილზე ეცნობიან. ამჯერად უკრაინის დედაქალაქი გერმანიის ბუნდესტაგის სპიკერს მასპინძლობს. ეს ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბოლო პერიოდში გერმანია- უკრაინას შორის წარმოქმნილი დაძაბულობის ფონზე, რაც თავის მხრივ, კიევში ჩასვლასთან დაკავშირებით უკრანული მხარის მიერ შტაინმაიერისთვის ნათქვამმა უარმა გამოიწვია.

მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მცდელობისა, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საომარ მოქმედებებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. უკრაინა-რუსეთის ომში დაწყებულია ომის მეორე ფაზა და ეს ვითარება არის ძალიან საფრთხის შემცველი, სწორედ ამ მოსაზრებას გამოთქვამს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსი, რომელიც აცხადებს, რომ პუტინს არ სჯერა, რომ თავს უკრაინასთან ომში დამარცხების უფლებას მისცემს. ამერიკის მაღალჩინოსანი  ჩინეთთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ ჩინეთი ახლა გარკვეულწილად  ვითარებას ზვერავს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შორიდან აკვირდება.

"პუტინი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც არ სჯერა, რომ თავის თავს დამარცხების უფლებას მისცემს. ვფიქრობ, ის დარწმუნებულია, რომ ფსონის გაორმაგება პროგრესის საშუალებას მისცემს. მისი რწმენა უკრაინაზე და რუსეთის შესაძლებლობაზე, გააგრძელოს უკრაინის წინააღმდეგობის განადგურება, არ ვიცი, შეირყა თუ არა. ასე რომ ფსონები საკმაოდ მაღალია. ომის ბირთვულ კონფლიქტში გადაზრდის რისკი სათანადოდ უნდა შეფასდეს. მიუხედავად იმისა, რომ სადაზვერვო მონაცემებით, რუსეთი არ გეგმავს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას.

ცხადია, ჩინეთის ხელმძღვანელობა ცდილობს ყურადღებით დააკვირდეს, რა გაკვეთილები შეიძლება გამოიტანოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან, საკუთარი ამბიციების შესახებ ტაივანის მიმართ. არ მგონია, რომ ამან გააქარწყლოს სი ძინ პინის გადაწყვეტილება, მოიპოვოს კონტროლი ტაივანზე. მაგრამ ვფიქრობ, ეს რაღაც გავლენას ახდენს მათ გათვლებზე, თუ როგორ და როდის განახორციელონ ეს," - აცხადებს უილიამ ბერნსი.

განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩინეთში. გაკეთდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თავად საერთაშირისო საზოგადოება იყენებს საომარ მოქმედებებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩინეთს აქვს გამოკვეთილი საკუთარი სამშვიდობო საგარეო პოლიტიკა. 

"არსებობს არგუმენტი, რომ ჩინეთი დგას ისტორიის არასწორ მხარეს, რადგან არ შეუერთდა შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს რუსეთის დაგმობასა და სანქციებში. ჩინეთი ატარებს სამშვიდობო დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას და ადგენს თავის პოზიციას. ჩინეთი არასოდეს მიჰყვება სხვის კვალს. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ჩინეთი ერთგულია გაეროს წესდების, მიზნებისა და უსაფრთხოების განუყოფელი პრინციპების მიმართ.

ჩვენ მხარს ვუჭერდით სამართლიანობას და აქტიურად ვცდილობდით სამშვიდობო მოლაპარაკებების წახალისებას და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას. ზოგიერთ დიდ ქვეყანას საკუთარი წვლილი არ შეუტანია სამშვიდობო მოლაპარაკებებში, მაგრამ მანევრირება მოახდინა, რათა გამოეყენებინა კრიზისი რუსეთის დასასუსტებლად. როგორც ჩანს, მათ არ აინტერესებთ სამშვიდობო მოლაპარაკებები ან ცეცხლის შეწყვეტა და არც უკრაინელი ხალხის სიცოცხლე და უსაფრთხოება.

მათ სურთ გამოიყენონ უკრაინა, როგორც „საზარბაზნე ხორცი", რათა დაცხრეს რუსეთი და შეწირონ უკრაინელების სიცოცხლე საკუთარი ჰეგემონური ამბიციებისა და გეოსტრატეგიული მიზნების მისაღწევად,"- აცხადებს ჩინეთის ვიცე საგარეო საქმეთა მინისტრი  ლი იუჩენგი.

უკრაინისთვის გაწეული დახმარებისა და ამ მხრივ სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ "დიდი შვიდეულის" ლიდერები იმსჯელებენ. შეხვედრა ონლაინ ფორმატში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდმირ ზელენსკის ჩართულობით დღეს გაიმართება.

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის ცნობით, ვირტუალური შეხვედრის მასპინძელი გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იქნება, ხოლო უკრაინის პირველი პირი ლიდერებს მის ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მიაწვდის ინფორმაციას. "გარდიანის" ცნობით განიხილება რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება.

დღის ამბები