20 აპრილი 2024,   13:07
ვრცლად
უთანხმოება ქვემო და ზემო სვანეთის საზღვარზე მდებარე მიწისა და ტაძრის ფლობასთან დაკავშირებით - ეპარქიების ხელმძღვანელი მიტროპოლიტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ქვემო და ზემო სვანეთის საზღვარზე მდებარე მიწების ფლობასთან დაკავშირებით წარმოქმნილ უთანხმოებას, ცაგერისა და ლენტეხის და მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიების მმართველები ეხმაურებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ეკლესიის მაღალი იერარქები სამხარეო ადმინისტრაციებს და შესაბამის უწყებებს სადავო საკითხის მოგვარებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიერ ზუსტად დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით იმოქმედებენ ეპარქიებიც და გადაწყვეტენ ამა თუ იმ ტაძრის კუთვნილების საკითხსაც:

"ჩვენი ეპარქიების მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შორის წარმოქმნილი უთანხმოება, რომელიც დაკავშირებულია ქვემო და ზემო სვანეთის საზღვარზე მდებარე მიწების ფლობასთან, ნებსით თუ უნებლიედ, იწვევს სადავო საკითხში ეკლესიის ჩართვის მცდელობას, რადგან ამ ტერიტორიაზე მდებარეობს ლატფარის წმინდა ლუკა მახარებლის სახელობის ტაძარი.

საკითხის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მივმართავთ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციებს, ასევე - ყველა შესაბამის უწყებას, რათა დროულად შეიქმნას საკითხის შემსწავლელი კომისია, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან დაინტერესებული მხარეები და საბოლოოდ გადაწყვეტენ სადავო საკითხებს.

ხელისუფლების მიერ ზუსტად დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით ვიმოქმედებთ ჩვენც, რადგან ზემო და ქვემო სვანეთის ადმინისტრაციული საზღვარი განსაზღვრავს ჩვენი ეპარქიების იურისდიქციის ფარგლებს და, შესაბამისად, ამა თუ იმ ტაძრის კუთვნილების საკითხსაც," - ნათქვამია ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის  სტეფანესა და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის  ილარიონის ერთობლივ განცხადებაში.

დღის ამბები