თანამედროვე საქართველოს სამართლებრივი სტატუსი, ღირებულებები და პრინციპები, 31 წლის წინ, ერთ დოკუმენტში გაიწერა და ქვეყნის კონსტიტუციად ჩამოყალიბდა. პარლამენტის მაშინდელმა შემადგენლობამ უზენაესი კანონი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 წუთზე, ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა. საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ ქვეყნის მთავარი სამართლებრივი დოკუმენტი - კონსტიტუცია მიიღო. უზენაეს კანონს პარლამენტის 167 წევრიდან მხარი 159-მა დაუჭირა.
კონსტიტუციით, საქართველო დამოუკიდებელ, ერთიან და განუყოფელ სახელმწიფოდ იქნა აღიარებული ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ცხინვალის ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიაში. პოლიტიკური წყობილების ფორმად კი დემოკრატიული რესპუბლიკა დეკლარირდა.
1995 წელს მიღებულმა კონსტიტუციამ ქართული სახელმწიფო, მისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეალობა შეცვალა და სახელმწიფოს მთავარი ფასეულობები კონსტიტუციურ რანგში აიყვანა.
31 წლის განმავლობაში ქვეყნის უზენაესმა კანონმა არაერთი ცვლილება განიცადა. ბოლო რეფორმა 2017 წელს განხორციელდა და საქართველო სრულად საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავიდა, საკანონმდებლო საქმიანობისთვის კი კონსტიტუცია მთავარი საყრდენი გახდა.
ქვეყნის კონსტიტუციისა და მისი სამართლებრივი ნორმების დაცვა სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტიაა, უზენაესი კანონის პატივისცემა კი - ყველა მოქალაქის თანაბარი ვალდებულება. ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში კონსტიტუციის როლსა და მნიშვნელობაზე საუბრობენ პოლიტიკურ ჯგუფებში.
დოკუმენტი, რომელიც მოქალაქის და სახელმწიფოს ინტერესების ფუნდამენტია - ასე აფასებენ სახელისუფლებო პარტიის ლიდერები საქართველოს კონსტიტუციას. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ უზენაესი კანონის დაცვა პრინციპულად მნიშვნელოვანია.
1995 წელს დამტკიცებული ქვეყნის კონსტიტუცია 1921 წელს მიღებული დოკუმენტის ტექსტის საფუძველზე შეიქმნა, რომელსაც დამფუძნებელმა კრებამ დაუჭირა მხარი, თუმცა, საბჭოთა ოკუპაციის გამო, მხოლოდ 4 დღე იმოქმედა. სწორედ მაშინდელი კონსტიტუციის დებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება ქვეყნის მთავარი კანონის ყველა მომდევნო რედაქცია.