"დიდება უკრაინას" - თბილისი ხვალიდან ორ დღიან საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. მონაწილეები უკვე საქართველოში არიან, კონფერენციის დაწყებამდე კი სტუმრები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ და უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და შედეგები საკუთარი თვალით ნახეს.
ოძისის საოკუპაციო ხაზთან მოსულმა ევროპელმა და ამერიკელმა დიპლომატებმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ადგილზე გაეცნენ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს და საკუთარი თვალით ნახეს თუ როგორია საოკუპაციო რეჟიმის სახე.
ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი დევიდ კრამერი ამბობს, რომ ისინი აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანა გახდეს ერთიანი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, რათა გავიხსენოთ თუ რა გამოიარა საქართველომ 2008 წლიდან დღემდე. ეს ჩვენთვის არის გაკვეთილი, რომლისგანაც უნდა ვისწავლოთ. სწორედ ამიტომაა ჩვენი დელეგაციისთვის ვიზიტის აქ დაწყება ასეთი მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა გავიხსენოთ თუ რას გადიხართ ყოველდღიურად, ეს ასევე ასახავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა ერთ დღეს საქართველო იყოს ერთიანი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - განაცხადა კრამერმა.
უკრაინის ანტიკორუფციული კოალიციის წარმომადგენელი დარია კალენიუკი აცხადებს, რომ 2008 წელს საქართველოში აგრესიის საწინააღმდეგოდ დასავლეთის სუსტმა პასუხმა რუსეთი წაახალისა გაეგრძელებინა თავისი სისასტიკე და ახლა ეს უკრაინაში ხდება.
"ის, რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა, ახლა უკრაინაში მეორდება. საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ დასავლეთის სუსტმა პასუხმა წაახალისა რუსეთი, გაეგრძელებინა თავისი სისასტიკე და დანაშაული. ამჯერად უკრაინაში აწყობენ გენოციდს. ჩვენ აქ ვართ, რათა განვაცხადოთ, რომ უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს ამ ომში. მადლიერი ვართ იმ ქართველების, რომლებიც ახლა იბრძვიან უკრაინაში - ეს არის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ. ჩვენ ვხედავთ, თქვენ გესმით, რომ ომი უკრაინაში თქვენი ომიცაა და ეს ომი თავისუფლებისთვისაა," - თქვა კალენიუკმა.
აშშ-ის ყოფილი მუდმივი წარმომადგენლის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში, კურტ ვოლკერის თქმით, რუსეთის იმპერიალისტური ომი მეზობელბის წინააღმდეგ უკრაინაში არ დაწყებულა და ეს საქართველოში მოხდა.
"მნიშვნელოვანია, რომ აქ შევიკრიბოთ და ხალხს შევახსენოთ, რომ 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ ოკუპაცია დღემდე გრძელდება, გრძელდება ბორდერიზაცია. ხალხი ახლა უკრაინაზეა კონცეტრირებული, თუმცა რუსეთის იმპერიალისტური ომი მისი მეზობლების წინააღმდეგ უკრაინაში არ დაწყებულა, ეს საქართველოში მოხდა. ისინი ახლა უკრაინაში უფრო სასტიკები არიან და მათი ტერიტორია დაიკავეს, თუმცა ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ჩვენ ვერ დავივიწყებთ, რომ რუსეთი ჯერ კიდევ საქართველოშია," - ამბობს ვოლკერი.
ოძისის საოკუპაციო ხაზთან ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებს დახვდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, კერძოდ კი სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე. მან სტუმრებს ადგილზე გააცნო ის ვითარება, რაც საოკუპაციო ხაზთან არსებობს.