02 მაისი 2024,   07:01
ვრცლად
61 წლის ასაკში ცნობილი არტისტი მიშა გომიაშვილი გარდაიცვალა - როგორი იყო მისი სამსახიობო კარიერა წლების განმავლობაში

მსახიობი მიშა გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

2014 წელს, გადაცემა "სხვა შუადღეში" მსახიობი მიშა გომიაშვილი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე საუბრობდა. ის ამბობდა, რომ რთული პიროვნებაა, თუმცა ამის მიუხედავად მოახერხა და უამრავი ადამიანის სიყვარული დაიმსახურა. 28 წლის განმავლობაში, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე შესრულებული არაერთი მნიშვნელოვანი როლით, პარტერი ყოველთვის სავსე იყო. ანშლაგით ჩატარებულ თითოეულს სპექტაკლს კი მაყურებლის უწყვეტი აპლოდისმენტები მუდამ თან სდევდა.

მიშა გომიაშვილი მსახიობების ოჯახში გაზარდა. პირველი, რაც დაინახა, სცენა იყო, მისი სუნი იგრძნო და მას შემდეგ სხვა პროფესია მისთვის აღარ არსებობდა. როგორც თავად მიშა გომიაშვილი იხსენებდა, 6 წლიდან მამის, არჩილ გომიაშვილის თითოეული როლი ზედმიწევნით იცოდა. სპექტაკლებს სახლში თამაშობდა, მისი ერთადერთი მაყურებელი კი ბებია იყო.

"არტ ხელოვნება" - სპექტაკლში მიშა გომიაშვილს "ოქროს ნიღბის" საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრანპრი აქვს მიღებული. ამავე პრიზით დაჯილდოვდა მსახიობი თეატრალურ დადგმაში "მამა". 2021 წელს მიიღო მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების პირველი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, ფილმში "კახეთის მატარებელი“.

თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი, რომელსაც არაერთი სახასიათო როლი აქვს შექმნილი. 

მიშა გომიაშვილის შესრულებულმა როლებმა თეატრსა თუ კინოში, არაერთი წარმატება მოიპოვა. მსახიობი მოჰსენ მახმალბაფის ფილმში "პრეზიდენტი” განსახიერებული მთავარი როლისთვის, საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთ ცენტრალურ ნომიანციაში იყო წარდგენილი. მოიპოვა ჯილდო "წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კინემატოგრაფში". ფილმის გადაღებებზე თავად მსახიობი ყოველთვის აღფრთოვანებით საუბრობდა.

არტისტი, 1996 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. "საწვავი", "მდგმურები“ "ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია", "განდეგილი", "უბედურება“ "თოვლივით თეთრი თოვლი“, "სიყვარული ვენახში“, "კონფლიქტის ზონა", "გასეინება ყარაბაღში“, "ყველა წავიდა" - ეს იმ სპექტაკლების და კინოროლების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მიშა გომიაშვილმა ცხოვრების განმავლობაში შეასრულა.

დღის ამბები