2022 წლის 16-17 სექტემბერს, ორწლიანი პაუზის შემდეგ, კრეატივის საერთაშორიო ფესტივალი AD BLACK SEA დაბრუნდა. ფესტივალი ყოველწლიურად ქალაქ ბათუმში იმართება და რეკლამით და მარკეტინგით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს. პროგრამა ერთნაირად საინტერესოა როგორც უკვე გამოცდილი პროფესიონალებისთვის, ასევე დამწყებებისა და სტუდენტებისთვის.
ფესტივალის ორდღიანი პროგრამა დახუნძლული იყო სემინარებით, ვორკშოპებით, პანელური დისკუსიებით და საღამოს პროგრამით. ფესტივალის კულმინაცია კი იყო დაჯილდოების ცერემონიაა, სადაც წინასწარ შერჩეულმა საერთაშორისო ჟიურიმ 11 კატეგორიაში გამარჯვებულები გამოავლინა.
ფესტივალი უკვე მეექვსე წელია იმართება და რეგიონში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მიზანი ამ პლატფორმის ირგვლივ შავი ზღვის აუზის ქვეყნების გაერთიანება, ერთმანეთისთვის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება და რეგიონში საქართველოს როლის გაძლიერება იყო. წლიდან წლამდე ფესტივალის მასშტაბის ზრდა ამ მიზნის წარმატებით განხორციელებისკენ მიუთითებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფესტივალის გუნდის გადაწყვეტილებით, Ad Black Sea აღარ მიიღებს რუსულ და ბელარუსულ ნამუშევრებს და სტუმრებს. განსაკუთრებული პირობით ისარგებლებენ უკრაინელი კოლეგები. მათთვის კონკურსში მონაწილეობა უფასო, ხოლო ფესტივალზე დასწრება ნახევარ ფასად იქნება შესაძლებელი.
ფესტივალზე წელს 1000-ზე მეტი დელეგატი ჩამოვიდა. საერთო ჯამში, ფესტივალზე წარდგენილი იყო 500 ნამუშევარი 7 ქვეყნიდან. ჟიურიმ საუკეთესო ნამუშევრებს ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის ჯილდოები გადასცა. ფესტივალის ბოლოს, ქართული საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ შეაჯამა მთელი წლის ქულები და საუკეთესო ქართული სააგენტო და დიზაინ სტუდია გამოავლინა.