ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა შეაფასა. ასლან ბჟანია ამბობს, რომ აფხაზეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობა ახალ იმპულსს იძენს და იმედოვნებს, რომ პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ აღიარებამდეც მივა.
ბჟანიას თქმით, ლუკაშენკოსთან გამართულ შეხვედრაზე, ძირითადად, ეკონომიკური საკითხები განიხილეს და გამოთქვა რწმენა, რომ "სახელმწიფოთაშორისი" ურთიერთობები დინამიურად განვითარდება.
"ეს გახლავთ ბელარუსის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი დამოუკიდებელ აფხაზეთში. ჩვენ ამ შეხვედრაზე დიდ იმედებს ვამყარებთ. შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური საკითხებიც და დარწმუნებული ვარ, რომ ბელარუსის რესპუბლიკა და დამოუკიდებელი აფხაზეთის რესპუბლიკა გააგრძელებს იმ ურთიერთობებს, რომელიც ახლა ფორმირდება.
ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის აფხაზეთში ჩასვლის ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს: ჩვენი ურთიერთობები ახლანდელ ეტაპზე ახალ ხასიათს იძენს, ჩვენს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მიეცა. იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე. არ მინდა ამ საკითხზე წინასწარ საუბარი, მაგრამ ამ დიდ სახლში პირველი აგური უკვე დადებულია, ფაქტია," - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია.