02 მაისი 2024,   04:10
ვრცლად
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 360 დღე გავიდა - რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან თითქმის 1 წელი გავიდა - უკვე ზუსტად 360 დღე გავიდა ომის დაწყებიდან. ბოლო რამდენიმე კვირაა ფრონტის ხაზზე ვითარება იცვლება. სამხედრო ექსპერტების და დასავლური ქვეყნების დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ფრონტის ხაზზე ცოცხალი ძალის მობილიზებას ზრდის. უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთისთვის ახლა მხოლოდ დონბასი, უკრაინის აღმოსავლეთი არ წარმოადგენს მთავარ სამიზნეს და ახლა უკვე მათ სამიზნეს წარმოადგენს ჩრდილო-აღმოსავლეთი, მათ შორის სუმის ოლქი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ჩრდილო აღმოსავლეთით სუმის რეგიონის საზღვრებთან დაახლოებით 10 000-იანმა რუსულმა სამხედრო დაჯგუფებამ მოიყარა თავი. ეს აქამდე დაფიქსირებული ყველაზე მსხვილი კონცენტრაციაა სუმის ოლქთან.

თითქმის მთელი დღის განმავლობაში ისმოდა განგაშის სიგნალის ხმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონში. საჰაერო განგაშის მაუწყებელი სიგნალის ხმა ჯერ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გაიგეს, შემდეგ კი სამხრეთში. გამთენიისას რუსმა სამხედროებმა რაკეტებით დაარტყეს დონეცკის ოლქის რამდენიმე ქალაქს. დაბომბილია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არიან დაჭრილები და გარდაცვლილები. დონეცკის ოლქში ახლა რუსული ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა. უკრაინა ამ რეგიონში მტერს მაქსიმალურად უწევს წინააღმდეგობას, თუმცა რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ ბახმუტში ვითარება სამწუხაროდ იცვლება.

რუსულმა ჯარებმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთიდან გაააქტიურეს შეტევა. შედეგად, ოკუპანტებმა ბახმუტის ჩრდილოეთი კრასნაია გორას დაკავების შემდეგ, კიდევ ერთი, პარასკო ვიივკის დასახლება დაიკავეს. საერთო ჯამში ამ რეგიონში, რუსეთის მხრიდან 10-ობით თავდასხმა განხორციელდა. უკრაინული ძალები ფრონტის მთელ ხაზზე არიან გამაგრებულები. ამის პარალელურად კი მძიმეა ვითარება ხერსონის ოლქში, ადმინისტრაციულ ცენტრს უკრაინა აკონტროლებს, თუმცა რუსული ძალები ქალაქების დაბომბვას აგრძელებენ.

მასიური საარტილერიო ცეცხლი გახსნეს ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის სოფელ "ბურ გუნკას" მიმართულებით. დაიღუპა ერთი ოჯახის 3 წევრი, დაიჭრა ორი არასრულწლოვანი. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ისროლა რაკეტები სხვადასხვა ტერიტორიიდან - მათ შორის კასპიის ზღვის საჰაერო სივრციდან, შავი ზღვის აკვატორიიდან, კურსკის რეგიონიდან და მელიტოპოლის საჰაერო სივრციდან. უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ და ავიაციამ რამდენიმე რაკეტა გაანეიტრალა, თუმცა, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში რაკეტების უმრავლესობამ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურამდე მიაღწია.

ღამით სარაკეტო იერიში განხორციელდა დნეპრო პეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლზე, დაზიანდა 4ი მაღალ სართულიანი შენობა, კერძო საწარმო და ელექტრო გადამცემი ხაზი. დაახლოებით 70-ჯერ  დაიბომბა სუმის ოლქის 4ი დასახლება. ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა იერიშებს ხარკოვის ოლქზე. ფრონტის ცხელ წერტილად რჩება ზაპოროჟიეს ოლქიც.

დღის ამბები