ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული 9 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობასა და დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს.
ადვოკატების ნაწილი სასამართლოს არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას, ნაწილი კი გირაოს სთავაზობდა. მოსამართლემ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, გამოძიება დაკავებულებს ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებას და უხარისხო სამუშაოების შესრულებასაც ედავება, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება და სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, პროკურატურისთვის და სასამართლოსთვის საქმესთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირებები მეორეხარისხოვანია.
"სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ მოსამართლეს თურმე წინასწარ ჰქონია დაბეჭდილი იმის გადაწყვეტილება, რომ არცერთი პირი არ უნდა გაეშვა თავისუფლებაში. ეს იყო ძალიან სამწუხარო სიურპრიზი ჩვენთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ ამ საქმეზე სამართლებრივი რეგულირებები მეორეხარისხოვანია, გვერდზე აქვს გადადებული ზოგადად პროკურატურას და მართლმსაჯულებას," - ამბობს ჩოფიკაშვილი.
პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, ბრალდების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ბრალდებულთა დანაშაულს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს.
"ჩვენ წარვადგინეთ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც მიგვაჩნია რომ გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტით ადასტურებს წარმოდგენილი ბრალდებულების ბრალეულობას. აღნიშნულ მტკიცებულებებში შედის როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე წერილობით მტკიცებულებები, სატენდერო დოკუმენტაცია. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს მტკიცებულებები გონივრულ ეჭვის მიღმა ადასტურებს ბრალეულობას," - აცხადებს პროკურორი.
ავტორი : მაია გრიგოლია