18 მაისი 2024,   15:58
ვრცლად
სააფთიაქო ბაზარზე გაიაფებული მედიკამენტების ნუსხა გაიზარდა - ღირებულების ზედა ზღვარი საერთო ჯამში 1 100-ზე მეტ წამალზე ვრცელდება

სააფთიაქო ბაზარზე გაიაფებული მედიკამენტების სია გაიზარდა. დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ პრეპარატზე, რეფერენტული ფასი ამოქმედდა. ღირებულების ზედა ზღვარი საერთო ჯამში 1 100-ზე მეტ წამალზე ვრცელდება. რეფორმის შედეგად მედიკამენტები საშუალოდ 40 პროცენტით გაიაფდა.

წამლების ჩამონათვალი, რომელსაც რეფერენტული ფასი ეხება, ეტაპობრივად გაიზრდება. რეფორმის მიმდინარეობასტან დაკავშირებით განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. ზურაბ აზარაშვილის თქმით უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. მისივე განმარტებით თუ აფთიაქები წამლებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან. ამბობს რომ რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში მთავრობის მხრიდან რეაგირება მკაცრი იქნება.

სააფთიაქო ბაზრის წინასწარ შესწავლას ახორციელებს კონკურენციის სააგენტო. უწყებაში ამბობენ რომ მას შემდეგ რაც რეფერენტული ფასები დადგინდა, რამდენიმე კომპანიის მხრიდან კონკრეტულ წამლებზე ადგილი ქონდა ფასის გაზრდას. შესწავლის შედეგებზეა დამოკიდებული, დაიწყება თუ არა მოკვლევის პროცესი.

მედიკამენტების რეალიზაციის პროცესს მარეგულირებელი ონლაინ რეჟიმში აკვირდება. რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრი ამბობს რომ გადაწყვეტილების მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირება და ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ფარმაცევტული მიმართულებით რამდენიმე რეფორმა უკვე განხორციელდა. ხელმისაწვდომი გახდა თურქეთიდან იმპორტირებული იაფი და ხარისხიანი მედიკამენტები. შედეგად, სამკურნალო პრეპარატებზე ფასი 60-80 პროცენტით შემცირდა. რეფერენტული ფასით დადგენის შემდეგ კი წამლები 40%-ით გაიაფდა. რეფორმის შედეგად მოსახლეობამ 2022 წელს 80 მილიონი ლარი დაზოგა. მიმდინარე წელს კი ეკონომია 200 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

 

დღის ამბები