თბილისში გამოკრულ პლაკატებთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდში. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, პოლარიზაციის ინიციატორები თავად "რადიკალური" ოპოზიციის წარმომადგენლები არიან.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თავად ლევან ხაბეიშვილი ამაყობდა იმ პლაკატებით, რომელიც თბილისის ქუჩებში იყო გამოკრული.
"რა თქმა უნდა, პოლარიზაციას ხელს არ უწყობს აგრესიული რიტორიკა, თუმცა ნახეთ, რომ ამ შემთხვევაში ინიციატორი იყო ოპოზიცია, თვითონ ხაბეიშვილი ამაყობდა იმ პლაკატებით, რომელიც მათ გამოაკრეს თბილისის ქუჩებში. პოლარიზაციის ინიციატორები ყოველთვის არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რაც ძალიან ცუდი და სამწუხაროა." - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილი საკუთარ სიძულვილის ენას ვერ აღიქვამს.
"პარტიის თავმჯდომარემ, სასაცილო თავმჯდომარეა თუ არა, თავმჯდომარეა ამ შემთხვევაში, გამოაქვეყნა დიდი ემოციით, რომ რა კარგი რაღაც მოხდა და აპიარებდნენ მთელი დღე ამას. შემდეგ დილით რომ დახვდათ ათეულობით ათასი პლაკატი ქალაქში, ის აღარ მოეწონათ და თქვეს, რომ ეს არის სიძულვილის ენის შემცველი. გუშინ სიყვარულის ენის შემცველი იყო ეტყობა, დღეს სიძულვილის ენის შემცველია. ორმაგი სტანდარტია აქაც როგორც ბევრ სხვა რამეში. რა თქმა უნდა, ზოგადად ძალიან ცუდია იარლიყების მიკერება, მაგრამ მათ თავისი სიძულვილის ენა სიყვარულის ენა ჰგონიათ და მერე სხვა რომ ამაზე რეაგირებს და ასს თუ ათასს იმდენს გაუკრავს, როგორც ჩანს, მერე ამასთან დაკავშირებით სხვა პრეტენზიები აქვთ. იმიტომ, რომ აღარ მოსწონთ. ბუნებრივია, ვინც გააკრა, მისი რეაქცია იყო გუშინდელ იმ მარაზმზე, რაც თვითონ იკადრეს და პარტიის თავმჯდომარე აპიარებდა თავის ფეისბუქ გვერდზე ამ ყველაფერს," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოკრულია საპარლამენტო უმრავლესობის იმ დეპუტატების ფოტოები, ვინც ე.წ აგენტების კანონს მხარი დაუჭირა. ოპერასთან ასამდე ანტისახელისუფლებო წარწერის შემდეგ, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ოპოზიციის საწინააღმდეგო ათასობით პოსტერი გააკრეს. თბილისის რამდენიმე ქუჩასა და მეტროპოლიტენის ამოსასვლელებში ოპოზიციის საწინააღმდეგო პლაკატები დილიდან გამოჩნდა. მათზე გამოსახულია ოპოზიციის ლიდერების ფოტოები წარწერით - "მოღალატე ჯაშუშები" და "ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები".