20 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
შოკისმომგვრელი ვიდეოები ფრონტიდან - როგორ ეპყრობიან რუსები სამხედრო ტყვეებს

უკრაინელი ჯარისკაცისთვის თავის მოკვეთის ამსახველი ვიდეო - უკვე მეორე დღეა ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება მასალა, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, რუსმა სამხედროებმა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი მეომარი აწამეს. ოფიციალურ წყაროებს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ, არის თუ არა ვიდეო ავთენტური. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ფაქტს იძიებენ და მომხდარი ომის დანაშაულის მორიგი მტკიცებულებაა. არიან თუ არა მწამებლები "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები? ამ კითხვას უკრაინის სახალხო დამცველი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ პასუხობს, მაგრამ ამბობს, რომ დამნაშავეების იდენტიფიცირება უკვე მოხდა.

ვიდეოს ამაზრზენს უწოდებს კრემლიც. მასალის ავთენტურობის შემოწმებას მოსკოვიც ითხოვს. ფაქტს დამოუკიდებლად იძიებენ რუსი უფლებადამცველები. 

რეზონანსულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების პარალელურად, კრემლის პროპაგანდისტული მედია ბახმუტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალ კადრებს ავრცელებს. ქალაქის 90% ნანგრევებად არის ქცეული. უკრაინის ქალაქის მიწასთან გასწორებას აგრესორი უკრაინელ სამხედროებს აბრალებს;

ეს იმის მიუხედავად, რომ რუსული ჯარი ბახმუტს მთელი ღამის განმავლობაში მძიმე შეიარაღებიდან უტევდა. სამიზნე იყო ადვიივკა და მარიინკაც. უკრაინელმა სამხედროებმა საოკუპაციო ძალის 45 შეტევა მოიგერიეს, რის შემდეგაც მტრის პოზიციებზე საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

რაც შეეხება უკრაინელი სამხედროების დანაკარგს, ის ისევ გასაიდუმლოებულია. გენშტაბი ცნობებს მხოლოდ სამოქალაქო პირებზე თავდასხმის შესახებ ავრცელებს. დღეს, ხერსონის ერთ-ერთი პარკის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი, ღამით კი რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 5 დასახლება დაბომბეს. სამოქალაქო და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა დაზიანდა ხარკოვის ოლქში და კუპიანსკის რეგიონშიც.

ამის საპასუხოდ, ოფიციალური კიევის მხრიდან საპასუხო მასშტაბურ კონტრიერიშს რუსეთი უკვე ელოდება. მზადებაა ყირიმის სანაპიროზეც. თხრილების მოწყობასთან დაკავშირებით ვიდეო მასალას ინტერნეტსივრცეში თავად რუსი ჯარისკაცები აზიარებენ.

დღის ამბები