პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, თბილისში უნარების კვირეული გაიხსნა.
კვირეულის მიზანია, დაინტერესებული მხარეების გაერთიანება და განვითარების სამომავლო მიმართულებებზე მსჯელობა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები.
როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, პროფესიული განათლების მიღებით დაინტერესებული პირებისთვის სერვისი ხელმისაწვდომი იყოს.
"მთავარი ამოცანა, რაც დღეს პროფესიული განათლების წინაშე დგას, არის ის, რომ კიდევ უფრო დავაახლოოთ პროფესიული განათლება კერძო სექტორთან, დამსაქმებელთან და შევთავაზოთ გაცილებით უფრო ეფექტური მექანიზმები იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად მოხდეს მათი ამ პროცესში ჩართვა. მნიშვნელოვანია, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, ვინც დაინტერესებულია პროფესიული განათლებით, ხელმისაწვდომი იყოს მათთვის ეს სერვისი", - განაცხადა განათლების მინისტრმა.